ეკონომიკა
კრემლმა მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება გაწყვიტა
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“. განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

„რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს მარცვლეულის შეთახმებაში. 

რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო გზას ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად,"
განაცხადა ბორელმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.

რუსეთი გაეროს შუამავლობით დადებულ ხელშეკრულებას ეთიშება, რომელიც ე.წ. მარცვლეულის დერეფნების შექმნას, ანუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული მარცვლეულით დატვირთული გემების გატარებას გულისხმობს.

შეთანხმებაზე უარის თქმის საბაბად შავი ზღვის რუსულ ფლოტში მომხდარი აფეთქებები სახელდება. რუსეთში ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევენ და მის მომზადებაში უკრაინასთან ერთად ბრიტანელ სპეციალისტებს ადანაშაულებენ. დაახლოებით 7 მილიონი ადამიანისთვის განკუთვნილი ხორბალი პორტებში დგას. ახალი კრიზისის ასარიდებლად დასავლეთი პუტინზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს.

კრემლმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა ზამთარში შიმშილისთვის არის განწირული. გაირკვა ისიც, რომ პუტინმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს არც თურქეთის პრეზიდენტს აცნობა, რომელიც ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მხარე იყო. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პორტებიდან "მარცვლეულის დერეფნების" შესახებ შეთანხმების შეჩერების შესახებ, პუტინი ერდოღანთან საუბარს არც აპირებს.
| Print |