ეკონომიკა
შესაძლოა, ხორბალსა და ფქვილზე ფასის კლება ვიხილოთ” - ლევან სილაგავა
შეთანხმება მიღწეულია - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი ოთხი თვით გახანგრძლივდა, რაც იმის გარანტიაა, რომ უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემები უსაფრთხო კორიდორს მიიღებენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეძლებენ - ამბობს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ლევან სილაგავა იმედოვნებს, რომ  სტაბილიზაცია იქნება საქართველოშიც, რადგან ქვეყანა რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, იქ კი ხორბლის მზარდი მოსავალია, თანაც განიხილება საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულირება, რაც ბაჟს შეამცირებს. აქედან გამომდინარე, ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება, როგორც გლობალურად, ისე ქვეყნის შიგნითაც.

მარცვლეულის დერეფნის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს გაერო და თურქეთი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.3%-ით შემცირდა და ბუშელი (25კგ) მარცვლეულის ღირებულებამ 7.98 დოლარი შეადგინა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ვითარება დამშვიდდება. მარცვლეულის დერეფნის გახანგრძლივება მომავალში სტაბილიზაციას გამოიწვევს. გადაწყვეტილება ზამთრის მარტივად გადატანის საწინდარია. 

"მსოფლიოსთვის ეს დადებითი სიგნალია, რადგან უკრაინა მარცვლეულის ძალიან სერიოზული მიმწოდებელია, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის, ზეთის და შროტის. შეთანხმების გაგრძელება დამოკიდებული იყო იმაზე, რომ რუსული ხორბალი და სასუქები შეუფერხებლად გავიდეს საერთაშორისო ბირჟებზე. პირველი შეთანხმების დროსაც, მემორანდუმი გაფორმდა, გარკვეულწილად რუსული ხორბლის წვდომა მსოფლიოში შეზღუდული არ იყო, მაგრამ მუშაობდა ე.წ. მეორადი სანქციები. ეს გულისხმობს იმას, რომ თვითონ ხორბალი და სასუქი მსოფლიო ბაზარზე სანქცირებული არ იყო, თუმცა სანქცირებული იყო რუსულ პორტებში გემების შესვლა და მარცვლეულის გამოტანა, ასევე რუსული ტვირთით დატვირთული გემების შესვლა ევროპულ პორტებში.

ახლა გაეროს გენმდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან ორმხრივი ინტერესი არსებობს, რომ მსოფლიოს მიეწოდოს მარცვლეული. რუსეთს ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს და უახლოეს თვეებში უფრო მეტ ხორბალს მიაწოდებს ბაზრებს, ვიდრე წინა თვეებში. ესეც ის ფაქტორია, რომელიც მინიმუმ, ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და შესაძლოა, კლებაც კი ვიხილოთ”,
- განაცხადა "რეზონანსთან” სილაგავამ.
| Print |