ეკონომიკა
რუსეთი საქართველოსთან პირდაპირ ავიარეისებს არ გამორიცხავს
რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს, ასევე, განიხილება მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან TASS -თან ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღება, თუ "ორ ქვეყანას შორის შესაბამისი წინაპირობები ჩამოყალიბდება".
"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - და თბილისში არსებული ვითარება ცნობილია - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას", - თქვა მან.
გონჩარმა ასევე თქვა, რომ "ძირითადად ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით" საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აუკრძალა. ფრენა აეკრძალათ კომერციულ ავიაკომპანიებსაც.
შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.
გააზიარეთ :