ეკონომიკა
პენსიონერებისთვის სესხის პროცენტი შემცირდა
საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი  მცირდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა.

„3 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრება ფიქსირებული 26%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ვეღარ შეძლებს კაბალურ 43%-სა და 36%-ში სესხის გაცემას. საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. 

საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით, პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილისა და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით. პარტია „მოქალაქეების“ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი. 

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ახალი საკონკურსო პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, სადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი, რომლის საფუძველზეც პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს“
, – ნათქვამია განცხადებაში.
| Print |