ეკონომიკა
ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა - ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინფლაციის პიკური პერიოდი უკვე დასრულებულია.

ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 8.8%-მდე შემცირდება, შემდეგ 5.2%-მდე დაიკლებს, ხოლო წლის ბოლოსთვის ინფლაცია 3.4%-ის ფარლებში არის მოსალოდნელი.

“2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს. საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს.

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე შესამჩნევი ბენზინის 6%-ით გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. სიგარეტის 2%-ით გაძვირებამ კი ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა. სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბრის წლიურ ინფლაციაში 4.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევი პურზე, ყველზე და კარტოფილზე გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2.0 პპ-ს შეადგენდა. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.1 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 6.8 %-ს შეადგენდა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ იანვრის მიმოხილვაში.
| Print |
თეგები: ინფლაცია /