ეკონომიკა
ლარში სესხების გაიაფება და სავალუტო სესხების გაძვირება - როგორია სპეციალისტთა პროგნოზი
Galt & Taggart-ში ელიან, რომ 2023 წლის განმავლობაში ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები შესაძლოა, დამატებით გაძვირდეს.

როგორც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს 9%-მდე შეამცირებს, რაც ლარში გაცემულ კრედიტებს, მათ შორის იპოთეკურ სესხებსაც გააიაფებს.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით გლობალურად მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის სესხები წელს არ გაიაფდება და პირიქით, მოსალოდნელია, რომ სავალუტო სესხებზე განაკვეთები კიდევ უფრო გაიზრდება.

„ველოდებით, რომ მიმდინარე წლიდან საქართველოში ინფლაციის ტემპი უფრო მკვეთრად შენელდება, რაც ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს უკვე გაზაფხულიდან რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყოს. ეს კი საბოლოოდ როგორც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ, ასევე ახლადგაცემულ ლარის სესხებს გააიაფებს.

თუმცა უცხოური ვალუტის სესხების ნაწილში პირიქით გაძვირებაა მოსალოდნელი. შარშან როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში მნიშვნელოვნად გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რისი ეფექტიც ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე სრულად არ ასახულა. ამიტომ უახლოეს ხანებში როგორც მინიმუმ, უცხოური ვალუტის სესხების გაიაფებას არ უნდა ველოდეთ და დამატებით გაძვირებაცაა მოსალოდნელი“
, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, საინვესტიციო ბანკი ელის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს და ინფლაციის შემცირების პარალელურად, წლის ბოლოს, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის არსებული 11%-დან 9%-მდე შემცირების საშუალება ექნება.
| Print |