ეკონომიკა
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე ბაჟს ამცირებს
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 4 719.4 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 766.3 რუბლისა, რომელიც აქტიური 20 დეკემბრამდეა.

ქერზე არსებული ბაჟი 3 870.6 რუბლიდან 3 977.6 რუბლამდე გაიზრდება, სიმინდზე მოქმედი ბაჟი 1 289.4-დან 1 174.6 რუბლამდე შემცირდება.

ახალი ტარიფები 24 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც 1 ტონა ხორბალზე 309.5 დოლარს (ნაცვლად არსებული 311.1 დოლარისა), ქერზე 278.4 დოლარს (276.8 დოლარი), ხოლო სიმინდზე 221.4 დოლარს (224.2 დოლარი) შეადგენს.

2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟს რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.

რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 94.3% იყო.
მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37.5%-ით, ხოლო მოცულობა 55.8%-ით ნაკლებია. შესაბამისად, წელს 155 704 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 55.5 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 52.3 მლნ დოლარის 145 776 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულს ხურავს. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 11 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 36.9%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კი 55%-ით.
| Print |