ეკონომიკა
რუსულ ნავთობზე საექსპორტო გადასახადი თებერვლიდან თითქმის 4 დოლარით შემცირდება
რუსულ ნავთობზე საექსპორტო გადასახადი 1 თებერვლიდან ტონაზე 3,9 დოლარით, ანუ იანვრის 16,7-დოლარიანი მაჩვენებლიდან 12,8 დოლარამდე მცირდება. ამის შესახებ ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

ოქტომბერში ეს გადასახადი 7,6 დოლარით, ნოემბერში კი 1,7 დოლარით შემცირდა. თუმცა დეკემბერში 0,6 დოლარით გაიზარდა, რის შემდეგაც, იანვარში ბაჟი ისევ 26,6 დოლარით შემცირდა.

2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 14 იანვრამდე, ანუ მონიტორინგის პერიოდში Urals-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 46,82 დოლარი, ტონაზე კი 341,8 დოლარი იყო. მანამდე, ანუ 15 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით ბარელის ფასი 57,49 დოლარს, ტონაზე კი 419,7 დოლარს შეადგენდა. 15 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ბარელი Urals 71,1 დოლარი, ტონა კი 519,2 დოლარი ღირდა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 15 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ბარელის ფასი 70,2 დოლარი იყო, ტონა კი 512,6 დოლარი ღირდა.

ღია ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე გადასახადი ტონაზე 5,0 დოლარიდან 3,8 დოლარამდე, მუქზე კი 16,7 დოლარიდან 12,8 დოლარამდე შემცირდება.

კომერციული ბენზინის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 5-დან 3,8 დოლარამდე, ხოლო ე.წ. მძიმე ბენზინის, ანუ ლიგროინის ბაჟი 9,1-დან 7,0 დოლარამდე შემცირდება.

თხევად გაზზე გადასახადი იანვრის 67-დოლარიანი მაჩვენებლიდან თებერვალში 21.0 დოლარამდე დაეცემა, ხოლო თხევადი ნახშირწყალბადის აირების სუფთა ფრაქციებზე (LHG) იანვრის 60.3 დოლარიდან ბაჟი 18.9 დოლარამდე შემცირდება.

ტონა კოქსის საექსპორტო გადასახადი იანვრის 1 დოლარის შემდეგ 0,8 დოლარამდე დაიკლებს.
| Print |