ეკონომიკა
მსესხებლების 11,4%-ი კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“
საქართველოში მსესხებლების 11,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2022 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 218 410 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 440 335 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 919 999 ადამიანს აქვს, ჯამში 40 185 015 948 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 562 735 792 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 618 921 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7,9%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 128 088-ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 721 297 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 942 308 664 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 122 651 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 650 ადამიანს კი, ჯამში 679 971 492 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 837 ადამიანს უფიქსირდება.
| Print |