ეკონომიკა
Bitcoin-ის ფასი იანვარში 37%-ით გაიზარდა
2023 წელი კრიპტოსამყაროსთვის კარგად დაიწყო. პირველი იანვრიდან მოყოლებული დღემდე Bitcoin-ის ფასი 37%-ით გაიზარდა და 22 700 დოლარს მიაღწია, რაც ინვესტორებს იმედს აძლევს, რომ კრიპტო ბაზრის მოცულობა გაიზრდება და 2022 წლის საკრედიტო კრიზისის ჩრდილიდან გამოვა.

აშშ-ს ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის დაკლებამ, გავლენა იქონია როგორც ტრადიციულ აქტივებზე, აქციებსა და ბონდებზე, ასევე კრიპტოვალუტების ფასებზე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ზედიზედ მეექვსე თვეა იკლებს ინფლაციის მაჩვენებელი და გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 6.5% შეადგინა, ეს კი მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას იძლევა.

კრიპტოვალუტების ფასებზე გავლენა იქონია აშშ დოლარის კურსის გაუფასურებამაც, რასაც ასევე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის შენელება იწვევს.

ოპტიმიზმმა სხვა ციფრულ ვალუტებში ინვესტორებიც მოიცვა და ფასები აქაც გაიზარდა. Bitcoin-ის შემდეგ საბაზრო კაპიტალიზაციით რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ether-ის ფასმაც 36%-ით მოიმატა და 1630 დოლარს მიაღწია.

საერთო ჯამში, კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, ცხადია, 2021 წლის ნოემბრის პიკთან, 3.2 ტრილიონთან შედარებით კვლავ მეტად დაბალ ნიშნულზეა.

აღსანიშნავია, რომ შოკების მიმართ მოლოდინები კვლავ მერყევია. FTX-ის შემდეგ ახლახან კრიპტო ბანკი Genesis-იც გაკოტრდა. კომპანიამ და მისმა შვილობილებმა Genesis Global Capital LLC-მა და Genesis Asia Pacific Pte-მა ამის შესახებ განცხადება გასული კვირის სამშაბათს გააკეთეს.

Genesis-ს კრედიტორებისგან 3 მილიარდ დოლარამდე ვალი აქვს აღებული, მათ შორის, 900 მლნ დოლარი Gemini-სგან და 280 მლნ დოლარი Bitvavo-სგან. კომპანიის თანახმად, ნაღდი ფულის სახით ის ამჟამად მხოლოდ 150 მილიონ დოლარს ფლობს.

Gensis-ის გაკოტრებაზე გავლენა იქონია მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, სემ ბენქმენ ფრიდის FTX-ის ჩამოშლამ, რომლისთვისაც ის ერთ-ერთი მსხვილი მსესხებელი იყო. კომპანიამ ტრანზაქციები სწორედ FTX-ის გაკოტრების შემდეგ, ნოემბერში შეაჩერა.
| Print |