ეკონომიკა
საქართველოში ხახვის იმპორტი 9-წლიან რეკორდულ მაჩვენებელზეა - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე
იანვარში საქართველომ 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მოცულობის ხახვის იმპორტი განახორციელა. ინფორმაციას პორტალი EastFruit საკუთარ კველვასა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყანაში 3500 ტონა ხახვი შემოვიდა, მაშინ, როცა იანვარში იმპორტი, როგორც წესი, ორჯერ ნაკლებია და ამ მოცულობამდე თვიური იმპორტი, ჩვეულებრივ, მაისში იზრდება. მაისში საქართველოში ხახვის სეზონი მთავრდება და ქართველი მიმწოდებლების მარაგი მწირია.

იანვრში ხახვის იმპორტი, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა. ამასთან, ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, იმპორტის ფასები ოდნავ გაიზარდა, თუმცა გაცვლითი კურსის ცვლილებამ ეს სხვაობა მთლიანად გაათანაბრა.

პარალელურად, ხახვზე ადგილობრივი საბითუმო ფასები საგრძნობლად გაიზარდა. EastFruit-ის ფასების მონიტორინგის ინსტრუმენტის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში ხახვის საბითუმო ფასები ყველა დროის რეკორდულ დონეზეა. კილოგრამის საშუალო ფასი 2,3 ლარს (0,87 დოლარს) შეადგენს. იმპორტის ზრდასთან ერთად, ასეთი მაღალი ფასიც, როგორც წესი, უფრო მაისისთვის, ანუ სეზონის ბოლოსთვის არის დამახასიათებელი.

ხახვის მთავარი მომწოდებლები საქართველოს უშუალო მეზობლები, კერძოდ, აზერბაიჯანი და რუსეთია, ხოლო თურქეთიდან, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, მთავარი ექსპორტიორია, ხახვის იანვრის იმპორტმა მხოლოდ 13% შეადგინა. იმპორტის საშუალო თვიური ფასი CIF პირობებით, რაც ღირებულებას, დაზღვევასა და დატვირთვას მოიცავს, ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ერთნაირი იყო.

მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ხახვი საქართველოში შემოვიდა:
  • აზერბაიჯანი - 1599 ტონა (კილოგრამის CIF ფასი 0,38 დოლარი)
  • რუსეთი - 1406 ტონა (კილოგრამის CIF ფასი 0,38 დოლარი)
  • თურქეთი - 455 ტონა (კილოგრამის CIF ფასი 0,38 დოლარი)
EastFruit-ის ანალიტიკოსები იმპორტისა და ფასების ზრდას საქართველოში ხახვის მცირე მარაგით ხსნიან, მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების შემოდინების გამო პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხახვზე მსოფლიო ფასების ზრდა, რის გამოც სხვა ქვეყნები ფრთხილად მოქმედებენ. კერძოდ, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა ხახვის ექსპორტი აკრძალეს, შეზღუდეს ან ამ საკითხს განიხილავენ.
| Print |