ეკონომიკა
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მწვავდება. მოსკოვმა საქართველოს მეზობელი ქვეყნიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა და მიუხედავად იმისა, რომ მიზეზად უსაფრთხოება დაასახელა, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ტრადიციულ პოლიტიკას აგრძელებს და სურსათს სადამსჯელო მექანიმზად იყენებს.

ემბარგო ემთხვევა სომხეთის მიერ რუსეთთან სამხედრო ალიანსის ეჭვქვეშ დაყენებას. ქვეყანაში მსჯელობენ თეორიულ ვალდებულებაზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დააკავონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ახლახან ბრალი წაუყენეს ომის დანაშაულებში.

რუსეთის სოფლის მეურნეობის მარეგულირებლმა, "როსსელხოზნადზორმა" ერევნის ხელისუფლება პირველად მაშინ გააფრთხილა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულების საპარლამენტო რატიფიცირებას. გადაწყვეტილება კი გავრცელდა საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის დაპატიმრების ორდერის გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ.

27 მარტს მოსკოვმა სომხეთი გააფრთხილა, რომ ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციის აღიარება ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის "უკიდურესად ნეგატიურ" შედეგებს მოიტანდა. ეს ურთიერთობები ბოლო თვეებში იმის გამო გაუარესდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია რუსეთისგან აზერბაიჯანთან კონფლიქტში მხარდაჭერის ნაკლებობას ხედავს.

"როსსელხოზნადზორის" 31 მარტის განცხადებით, ბოლო ინსპექტირებამ აჩვენა, რომ სომხეთში რძის წარმოება არ აკმაყოფილებს რუსეთის უსაფრთხოების სტანდარტებს: „როსსელხოზნადზორმა" სთხოვა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს, შეაჩეროს რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტი 5 აპრილიდან". ითქვა ისიც, რომ სომხური კომპანიები რუსეთში აკრძალულ ირანულ ნედლეულს იყენებენ პროდუქციის დასამზადებლად.

სომხეთის სურსათის უსაფრთხოების ინსპექტორატში ფიქრობენ, რომ ამგვარი ეჭვების საფუძველი არ არსებობს. გადაწყვეტილებაში საზოგადოება პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

"ჩვენი ურთიერთობა რომ მშვიდი ყოფილიყო, მსგავსი პრობლემა შიდა კომუნიკაციით გადაწყდებოდა და არა საჯარო განცხადებებით",
- ამბობს მომხმარებელთა უფლებების ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაბქენ პიპოიანი.

სომხეთის რძის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა, ხაჩატურ პოღოსიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო სამსახურმა აკრძალვის აღსრულება ოფიციალურად ძალაში შესვლამდე დაიწყო და კარაქით თუ სხვა რძის პროდუქტებით დატვირთული სომხური სატვირთო მანქანები რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ამ კვირის დასაწყისში გამოაბრუნეს.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან კერობიან არ თვლის, რომ "როსსელხოზნადზორის" ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ეკონომიკის ანალიტიკოსი, სურენ სპარსიანი კი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, არსებობდეს როგორც პოლიტიკური, ასევე სანიტარული მიზეზები. მან თქვა, რომ რუსულმა დამკვირვებლებმა გასულ წელს შეისწავლეს სომეხი მწარმოებლების მიერ იმპორტირებული ირანული რძე და დაასკვნეს, რომ ის არ აკმაყოფილებდა რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს. სომხეთის ხელისუფლებამ კი ეს უბრალოდ დააიგნორა.

აღსანიშნია, რომ რუსეთი სურსათის იმპორტის აკრძალვის სტრატეგიას ხშირად იყენებს მეზობლებთან მიმართებთ. წარსულში მოსკოვმა სხვადასხვა პროდუქტზე ემბარგო მრავალჯერ დააწესა, დაწყებული ქართული და მოლდოვური ღვინით, დამთავრებული თურქული და ლიტვური ხილ-ბოსტნეულით თუ უკრაინული პროდუქტებით.

მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების აკრძალვა ზოგიერთი სომეხი ფერმერისთვის მტკივნეული იქნება, ის, ძირითადად, სიმბოლური ხასიათისაა. "გაეროს" მონაცემებით, 2022 წელს სომხეთიდან ექსპორტირებული 32.7 მილიონი დოლარის რძის პროდუქტების, კვერცხისა და თაფლის 93%-ზე მეტი რუსეთში შევიდა. მაგრამ ეს რუსეთში სომხური ექსპორტის მხოლოდ 3.8%-ს შეადგენს და ძირითადი წილი მანქანებზე, ნედლეულზე და ალკოჰოლზე მოდის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სომხეთის ექსპორტი რუსეთში, დაახლოებით, სამჯერაა გაზრდილი და 2.4 მილიარდ დოლარს აღწევს.
| Print |