ეკონომიკა
რატომ არ იზრდება ფასი ქართულ ვაშლზე
East Fruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, სეზონის მოახლოების მიუხედავად, ვაშლის ფასი სტაბილური რჩება. ხილის ღირებულება 2019 წლის მაჩვენებელს უტოლდება.

თუკი საქართველოში ვაშლის საბითუმო ფასს უკრაინის, მოლდოვასა და პოლონეთის ფასებს შევადარებთ, აშკარა ხდება, რომ საქართველოს შეუძლია განაგრძოს ვაშლის შემოტანა ამ ქვეყნებიდან, რადგან ვაშლის საბითუმო ფასები ახლა ორჯერ მაღალია, ვიდრე მოლდოვაში, უკრაინასა და პოლონეთში.

ამავდროულად, ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეული სირთულეები აქვთ ვაშლის რეალიზაციასთან დაკავშირებით. იმპორტიორები იმპორტირებული ვაშლების რეალიზაციის დაბალ ტემპზეც საუბრობენ.

ბაზრის რამდენიმე მსხვილი მონაწილე თანხმდება, რომ წელს მთავარი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაშლის ბაზარზე, არის „კეხურას ფაქტორი“.

საქართველოში კეხურას ჯიშის ვაშლი დიდი რაოდენობით მოჰყავთ. საქმე იმაშია, რომ ამ ჯიშის ვაშლის ხე არის ძალიან უპრეტენზიო, პროდუქტიული, კეხურას ვაშლის ჯიშის ნაყოფს აქვს ლამაზი წითელი ფერი და რაც მთავარია, ეს ვაშლი ჩვეულებრივ სარდაფებშიც კი კარგად ინახება.

როგორც წესი, კეხურას ჯიშის ვაშლი რუსეთში გადიოდა ექსპორტზე, თუმცა წელს, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი კლებისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ლოგისტიკის მთავარი პრობლემების გამო, კეხურას ჯიშზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. შედეგად, მოსახლეობა იძულებულია გაყიდოს ხილი შიდა ბაზარზე საკმაოდ დაბალ ფასებში.

აქედან გამომდინარე, ქართველი მებაღეების ნაწილი ამბობს, რომ უკვე ეჭვი ეპარებათ სეზონის ბოლომდე ვაშლის მარაგის გაყიდვის შესაძლებლობაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ხილის საცავებში ვაშლის მარაგი რეკორდულად მაღალია და არ გამორიცხავენ, რომ 2022 წლის მოსავლის ვაშლი ივნისის ბოლომდე ან თუნდაც ივლისის შუა რიცხვებამდე გაიყიდოს.
| Print |