ეკონომიკა
რატომ გაძვირდა საქართველოში ხახვი რეკორდულად?
საქართველოში ხახვის წარმოება რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანამ მხოლოდ 5,5 ათასი ტონა ხახვი მოიყვანა, რაც 2006 წლიდან მოყოლებული (საქსტატის სტატისტიკის მიხედვით) ყველაზე მცირე რაოდენობაა. ყველაზე დიდი მოცულობით ხახვი საქართველოში 2010 წელს მოვიდა - 19 ათასი ტონა. მას შემდეგ კი წარმოება ფაქტობრივად, ყოველ წელს იკლებს.

სწორედ შემცირებული წარმოება, რასაც ასევე იმპორტის კლება მოჰყვა, გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ბაზარზე ხახვის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. თბილისის სასურსათო თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 5-8 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი ფასის მატების მიზეზად არასათანადოდ განვითარებულ ადგილობრივ წარმოებას ასახელებს. მისივე თქმით, „ჩვენგან განსხვავებით სხვა ქვეყნებს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია აქვთ“.

„ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ნაწილში იმპორტდამოკიდებულებას ორი მიზეზი აქვს. ერთის მხრივ, ადგილობრივი წარმოება არ არის სათანადო დონეზე და მეორეს მხრივ, რა მოსავალიც მოგვყავს სეზონიდან სეზონამდე ვერ აღწევს, რადგან შემნახველი მეურნეობები არ გაგვაჩნია. ამან უნდა უზრუნველყოს თვითკმარობა. აქედან გამომდინარე, პერიოდულად გვიწევს იმპორტით განსაკუთრებით დიდი მოცულობების შემოტანა. ამ ეტაპზე მოხდა ასეთი რამ, მეზობელმა ქვეყნებმა, (რუსეთი, აზერბაიჯანი,თურქეთი) საიდანაც ხახვი შემოგვქონდა ექსპორტის შეზღუდვა მოახდინეს, რადგან ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი, ამან გამოიწვია ფასების მატება.

ჩვენგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებს მათზე მორგებული სასურსათო უსაფრთხოების ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ, რომ არ შეიქმნას ისეთი მდგომარეობა როგორც საქართველოში, როცა მომხმარებელს ერთ დღესაც 300%-ით გაუძვირდა პროდუქტი, გათვლილი აქვთ მარაგები და არეგულირებენ ექსპორტს და იმპორტსაც. საჭიროების შემთხვევაში ზღუდავენ, ან უშვებენ. ჩვენთან ყველაფერი დინებაზეა მიშვებული. ერთ მშვენიერ დღესაც ქვეყნებმა სხვა ნებისმიერი პროდუქტის ექსპორტი რომ შეზღუდონ, მოხდება ის, რაც ხახვზე მოხდა. ასე იქნება იქამდე, სანამ ადგილობრივ წარმოებას არ განვავითარებთ“
- განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 7 220 ტონა ხახვი იყიდა, რაც თითქმის არ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის 7 744 ტონა პროდუქტი შემოვიდა. თუმცა 3-თვიან მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტი მარტში. გასულ თვეში საქართველოში 347.9 ათასი აშშ დოლარის 919.7 ტონა ხახვი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 1.03 მლნ აშშ დოლარის 3 379 ტონა. შედეგად გამოდის, რომ რაოდენობრივად მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა.

იმპორტიორი ქვეყნები კი არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე და ნიდერლანდები.
| Print |