ეკონომიკა
როდის ვიყიდოთ ან გავყიდოთ დოლარი?
ახდენს თუ არა სეზონურობა ლარის კურსზე გავლენას, ამის შესახებ "თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, როდის ვიყიდოთ ან გავყიდოთ დოლარი, ამის პროგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პარამეტრებით, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც ასახავს ლარის წონასწორული კურსის შეფასებას.

„ეს სეზონურობას არ უკავშირდება. უკავშირდება ზუსტად იმ საზომებს, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად იცვლება, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც ასახავს ლარის წონასწორული კურსის შეფასებას. ეს ისეთი თემებია, სადაც სიზუსტე არ არსებობს, მაგრამ შეძლებისდაგვარად უნდა გავეცნოთ პროფესიონალი ანალიტიკოსების პუბლიკაციებს (არა მარტო ჩვენი), რომ საშუალოვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, სად არის ლარი და სად არის ევრო/დოლარი (ესეც ძალიან მნიშვნელოვანია) ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ევრო ძალიან გაუფასურდა და ჩვენ ვიხილეთ სესხების აღება ევროში, რაც პრობლემაა, რადგან დიდია ალბათობა, რომ ის ისევ გამყარდება.

რომ დავუბრუნდეთ სეზონურობის თემას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენთან გასაგებია, რომ წმინდა შემოდინებები უფრო ძლიერია ზაფხულში, ტურისტული სეზონია და ა.შ. ზამთარში პირიქით - სუსტი. მოდით ლოგიკურად დავსვათ კითხვა (და ამას არ სჭირდება ძალიან ღრმა მაკროეკონომიკის ცოდნა), თუ თქვენ სავალუტო ბაზარზე ხართ აქტიური (გადახურდავების კუთხით), ცდილობთ განჭვრიტოთ, რა იქნება და ამით მოიგოთ, თუ თქვენ იცით, რომ ზაფხულში ლარი გამყარდება, რას გააკეთებთ? ზამთარში უფრო იყიდით ლარს ხომ? ან ზაფხულამდე პერიოდში. იმიტომ, რომ უკვე იცით, თქვენი მოლოდინია, რომ ზაფხულში კარგი სეზონია და ლარი გამყარდება. ახლა პირიქით, თუ თქვენ იცით და გჯერათ, რომ ზამთარში ლარი გაუფასურდება, რას გააკეთებთ ზამთრამდე, მაგალითად, ზაფხულში? ლარს გაყიდით ხომ? ამით რა ხდება, როდესაც ბაზრის მონაწილეების დიდ ნაწილს სჯერა სეზონურობის, შედეგი არის ის, რომ სეზონურობა აღარ არის. თუ ზაფხულში ჩვენ გვაქვს ბევრი შემოდინება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზაფხული როცა გავა, ლარი გაუფასურდება, ამ ლარს ვყიდით კარგ დროს“
,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
| Print |