ეკონომიკა
რა ელის ლარს - ფინანსისტების განსხვავებული პროგნოზი
ეროვნულ ბანკს ლარის გამყარების ტემპის შესანელებლად, ფაქტობრივად, რესურსი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ დოლარი ბაზრიდან ამოიღოს. სპეციალისტები პარალელურად ურჩევენ ეროვნულ ბანკს, რომ არა გაცვლითი კურსი, არამედ ეფექტური კურსის შენარჩუნებაზე იზრუნოს, რაც ეკონომიკაში დაკრედიტების მაჩვენებელს გაზრდის. ის, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. ანალიტიკოსების გათვლით, კურსი 2,40 -იან ნიშნულს თავისუფლად მიაღწევს და ალბათ ჩამოსცდება კიდეც.

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სებ-მა მიმოქცევიდან 500 მლნ დოლარი ამოიღო და მსგავსი ღონისძიებით ახერხებს, რომ კურსი არანორმალურად არ გამყარდეს. რეალურად თუ დანარჩენ სამ კვარტალშიც მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა (რაც სავსებით რეალურია), ლარის თავბრუდამხვევი რევალვაციის შესაჩერებლად, ცენტრალურმა ბანკმა წლის განმავლობაში მიმოქცევიდან 2 მილიარდი დოლარი უნდა ამოიღოს, რაც შეუძლებელია, თანაც ვერც ამდენ ლარს გაუშვებს ბრუნვაში ინფლაციის მაღალი რისკის გამო. საერთოდ კი დიდ ეფექტს ვერც ეს იძლევა, რადგან სებ-ი ამდენ ჭარბ დოლარს იღებს ბრუნვიდან და მაინც 2023 წლის იანვარ-აპრილში ლარი 24 პუნქტით გამყარდა.

ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის გათვლით, 2,40-იანი ნიშნული ის მაჩვენებელია, რასაც ლარი გამყარება არ უნდა გასცდეს. ტურისტების ზრდა, ექსპორტი, ინვესტიციები, გადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნა და რუსეთ-უკრაინის ომი - ყველა მოცემულობა, რაც ლარს ამყარებს - შენარჩუნებულია და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე სიტუაცია ამ მიმართულებით არ შეიცვლება.

მეორე საკითხია, ექსპორტზე შექმნილი ვითარება. არსებობს არის ასეთი განზომილება, ლარის გაცვლითი კურსი არა დოლართან, არამედ ეფექტური კურსი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა, ინფლაციაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მაღალი ინფლაცია იყო, რაც ეკონომიკის რეალურ ზრდაზე და მოსახლეობის შემოსავლებზე უარყოფითად მოქმედებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც ამით არის განპირობებული, ამას მოჰყვა საბანკო სერვისების გაძვირება, რაც თავის მხრივ ეკონომიკის დაკრედიტებას ანელებს.

resonancedaily - სთვის მიცემულ ინტერვიუში, ლარის კურსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი, ფინანსური ბაზრის მკვლევარი ნიკა შენგელია, რომლის ვარაუდითაც, გამყარების ტენდენცია ნოემბრიდან შეიცვლება და ლარი გაუფასურებას დაიწყებს.

,,ქვეყანაში არის დიდი საბანკო შემოდინებები რუსი მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც გადმოცხოვრდნენ საქართველოში. 20 000 კომპანია ოფიციალურად საქმიანობს, ამას ემატება ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხაც, რომელიც მუდმივად იზრდება. საგარეო ვალიც დოლარში 8,470 მილიარდი დოლარია, რაც 390 მილიონით მეტია პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ლარში კი ეს 21,690 მილიარდს შეადგენს და 3,3 მილიარდით არის შემცირებული კურსის გამყარების გამო".
| Print |