ეკონომიკა
პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე კი 18 პროცენტამდე შემცირდა - საქსტატი
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.0 პროცენტი შეადგინა. სამუშო ძალის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობითვე, წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.6 პროცენტით, ანუ 45.8 ათასი კაცით და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით, ანუ 6.6 პროცენტით გაიზარდა და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 3.6 პროცენტით, ანუ 10.4 ათასით და 279.2 ათასი შეადგინა.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად, 3.1 და 1.6 პროცენტული პუნქტით.

შემცირებული უმუშევრობის ფონზე, ახალციხის მოსახლეობას სამსახურის პოვნა უჭირს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უშედეგო ძებნის შემდეგ, იმედგაცრუებული ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

| Print |