ეკონომიკა
ქართული ალუბლის ფასები დასტაბილურდა - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე?
ქართული ალუბალი ბაზარზე ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდა, თუმცა საკმაოდ ძვირი - 1 კილოგრამი 20 ლარი ღირდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ხილის ღირებულება 15 ლარი იყო. როგორც East Fruit-ის მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, ადრეულ მოსავალზე ნეგატიური გავლენა ნოტიო ამინდმა განაპირობა.

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას, 1 კილოგრამი ქართული ალუბალი 4-8 ლარი ღირს, მითუმეტეს, რომ ალუბლის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში, შიდა ქართლში მოსავალი ჯერ არ აღებულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ალუბალი კიდევ გაიაფდება.

ცნობისათვის, ალუბალი არის ერთ-ერთი სამი ყველაზე კულტივირებული კურკოვანი ხილიდან სახელმწიფო პროგრამის „დარგე მომავალი“ ბენეფიციართა შორის. 2015-2022 წლებში პროგრამის ფარგლებში 176 ჰექტარი ახალი ალუბლის ბაღები გაშენდა.

მიუხედავად ამ კულტურის პოპულარობისა და წლიდან წლამდე მისი წარმოების ზრდისა, ექსპორტის მოცულობა უმნიშვნელო რჩება. 2021 წელს, ოფიციალური მონაცემებით, 6 900 ტონა მთლიანი პროდუქციიდან მხოლოდ 291 ტონა გავიდა ექსპორტზე, ძირითადად რუსეთის ბაზარზე. თუმცა, გასულ წელს ქართული ალუბლის შეძენის ინტერესი სპარსეთის ყურის ქვეყნებმა გამოთქვეს.

ექსპორტიორები ხაზს უსვამენ მაღალი ხარისხის ხილის წარმოების პრობლემას, რაც ექსპორტისთვის საკმარისი პროდუქციის შეგროვებას ართულებს.
| Print |
თეგები: ალუბალი / ფასი /