ეკონომიკა
თურქული ლირა კვლავ რეკორდულად უფასურდება
თურქული ლირა, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, დოლართან მიმართებით კიდევ 6%-ით გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. ამჟამად, 1 დოლარი 23 თურქული ლირა ღირს. ამგვარი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა.

წლებია, ლირას გაუფასურების ტენდენცია აქვს, თუმცა ახლანდელი ცვლილებები არჩევნებში ერდოღანის ხელახლა გამარჯვებას უკავშირდება. თანაც, მთავრობამ უფრო მეტად ტრადიციული ეკონომისკენ შემოტრიალება დააანონსა.

ერდოღანმა უკვე დანიშნა ახალი ფინანსთა მინისტრი, მეჰმეთ შიმშეკი, რომელიც ორთოდოქსული მენეჯერული შეხედულებებით გამოირჩევა. მოგვიანებით, შიმშეკმა თქვა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა რაციონალურ ნიადაგს უნდა დაუბრუნდეს.

მეჰმეთ შიმშეკის დაბრუნება, რომელიც 2009-2018 წლებშიც იკავებდა ფინანსთა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოზიციებს, მიანიშნებს, რომ თურქეთში საპროცენტო განაკვეთების კლება შეწყდება.

ერდოღანს მიაჩნდა, რომ რეფინანსირების განაკვეთების კლებით ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებდა, თუმცა მიიღო საპირისპირო შედეგი - მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის 380%-იანი ეროზია ბოლო 5 წელიწადში.

მისი ბრძანებით, 2021 წელს ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა განაკვეთები 19%-დან 8.5%-მდე შეამცირა, თუმცა მთელი მსოფლიო საწინააღმდეგოს აკეთებს და ფასების ზრდის მაღალ ტემპს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ებრძვის.

ტრადიციული ეკონომიკისკენ გეზის ცვლილება კარგი სიახლეა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელთა დიდმა ნაწილმა ხელი ჩაიქნია თურქეთზე მისი ეკონომიკის არასტაბილურობის გამო.

აღსანიშნია, რომ ლირის კურსი დოლართან მიმართებით წლის დასაწყისიდან დღემდე 23%-ითაა გაუფასურებული.
| Print |