საქართველოში ყავა გაძვირდა
საქართველოში ყავის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნებია ინდონეზია, ვიეტნამი, რუსეთი, იტალია და გერმანია. ვიეტნამის წილი საქართველოში ყავის იმპორტში დაახლოებით 17.8%-ია, რითაც ის საქართველოში მეორე ყველაზე მსხვილი ყავის იმპორტიორი ქვეყანაა.
მიუხედავად შემცირებული წარმოებისა, 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ვიეტნამიდან საქართველოში მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი 40%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს თუ 651 ათასი დოლარის 307 ტონა ყავა შემოვიდა ქვეყანაში, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 908 ათასი დოლარის 327 ტონა.
ამასთანავე, გასულ წელს ვიეტნამიდან 1 კგ მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი 2.1 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს - 2.8 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიეტნამიდან ყავის იმპორტი 33%-ით გაგვიძვირდა.
რაც შეეხება ყავის მთლიან იმპორტს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ დროსთან შედარებით, ყავის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 5,108 მლნ დოლარის 1,351 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში - 3,651 მლნ დოლარის 1,035 ტონა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს 2023 წლის პირველ ორ თვეში 1 კგ ყავის იმპორტი საშუალოდ, 3.53 დოლარი უჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 3.78 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ყავის იმპორტი 7.1%-ით გაუძვირდა.