ეკონომიკა
Wizz air-მა ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა
ავიაკომპანია Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა. მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის -10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.

შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.

Wizz Air-ის ბილეთები თითქმის ყველა მიმართულებით მინიმუმ 50%-ით გაძვირებულია. ბილეთების ფასის ზრდას წინ უძღოდა ავიაკომპანიის პრობლემა Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით და ათობით ფრენების შეწყვეტა ევროპის მასშტაბით.

მგზავრები Wizz Air-ს ხშირად მისი დაბალი ფასის გამო ირჩევდნენ. როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ Oktravel-ის ოპერატორი, თამარ ფარცვანია აცხადებს, ზამთართან შედარებით, ტურების ღირებულება გაზრდილია 50%-ით, რაც უკავშირდება Wizz Air-ის ფასების ზრდას.

„ვოიაჟერ 365“-ის გენერალური დირექტორის ნუნუკა ბოკუჩავას თქმით, მომხმარებლები Wizz Air-ის ბილეთებს აღარ ყიდულობენ, რადგან მისი ფასი Pegasusu Airlines-ისა და turkish Airlines-ის ფასებს გაუტოლდა, შესაბამისად, მგზავრებს ურჩევნიათ მცირედი თანხა დაამატონ და ფრენა თბილისიდან განახორციელონ.

| Print |