ეკონომიკა
სჯობს იყო კარგი ტრაქტორისტი - ქვეყანაში საკადრო დეფიციტი მწვავდება
საქართველოს ბაზარზე კადრების დეფიციტი ისევ მწვავედ დგას. ამაზე მიუთითებს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ბიზნესების თითქმის 70% განიცდის პროფესიონალი კადრების დეფიციტს.

კადრებიც დეფიციტზე საუბრობენ დამსაქმებელთა ასოციაციაშიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, ძალიან დიდი მოთხოვნაა სამშენებლო და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ტექნიკის ოპერატორებზე, რის გამოც, ხშირად საშუალო მეწარმეებს უწევთ უცხოელები დაასაქმონ, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

„საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ცალკეულ პერსონალზე. მაგალითად, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორებზე, ფაბრიკა-ქარხნებზე და ა.შ. საშუალო ბიზნესი განიცდის უპირველესად დეფიციტს. ამიტომ, როდესაც ბაზარზე მოთხოვნაა, რომელსაც ადგილობრივები ვერ აკმაყოფილებენ, უკვე კომპანიები დანაკლისს უცხოელებით ავსებენ. ესენი არ არიან უბრალოდ დღიური მუშები და ა.შ. ესენი არიან სპეციალისტები. ძირითადად თურქები, აზერბაიჯანლები და უკვე უკრაინელებიც. უკრაინაში კარგი პროფესიული და საინჟინრო სკოლები აქვთ, ამიტომ ჩვენთან დასაქმება არ უჭირთ“, - ამბობს ელგუჯა მელაძე.

ამის გარდა, დამსაქმებელთა ასოციაციისხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საზოგადოებაში ინტერესის გაზრდა პროფესიული სასწავლებლების მიმართ, ვინაიდან ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში რთული და მძიმე სამუშაოები აღარ არსებობს.

„მძიმე სამუშაოების ეპოქა დასრულდა ტექნოლოგიური განვითარების პირობებში. ფერმერებისთვისაც ყველაფერი ავტომატიზირებულია. დანადგარი ყველანაირ პროდუქტს თავისითვე აფასოვებს. უნდა მოხდეს ხალხთა დაინტერესება და გადამზადება. დღესდღეობით, ჯობია იყო ტრაქტორისტი და ამაყობდე შენი პროფესიით, ვიდრე იყო ისტორიკოსი და ამავდროულად უმუშევარი. ტრაქტორები უკვე იმდენად მაღალი ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილები, მერსედესის მართვა უფრო რთულია, ვიდრე ტრაქტორის“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
| Print |