ხინკალი და ხაჭაპური გაძვირდა
2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.03 ლარი შეადგინა. ISET-ის კვლების მიხედვით, ფასები თვიურად 3.8%-იან, ხოლო წლიურად 8.4%-იან ზრდას აჩვენებს.
კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა დაკავშირებულია სადღესასწაულო სეზონთან. კერძოდ, საშობაო და საახალწლო სუფრების მზადების პერიოდში ხაჭაპურის ინგრედიენტებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ფასების ზრდას განაპირობებს.
„2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა.
წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%)".
დეკემბერში ასევე გაძვირდა ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტები, ხინკალი და ლუდი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რესტორანში ხინკლის ფასი 12.4%-ით ხოლო ლუდის 11,3%-ით გაიზარდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 3%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 2,3%-ით, მწვანილის 117.5%-ით, ხახვის 8.8%-ით; ხოლო, ფქვილი 0.8%-ით, ღორის ხორცი კი 1,5%-ით გაიაფდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 4%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 3%-ით გაძვირდა, ხაჭაპური კაფეში 4%-ით, ყავა კაფეში -6%-ით.