განათლება
აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას დღეიდან შეძლებენ
აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ.

"სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 აგვისტოს 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური",-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობითი განცხადების საფუძველზე.

გადმოგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაწეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში - ე. მინდელის ქ. N9, რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ კი განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში", - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.



| Print |