განათლება
კუმურდოში სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს სკოლაში, სასწავლო პროცესი პარალიზებულია. მოსწავლეები და მშობლები დირექტორისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ.

კუმურდოს მოსახლეობის მტკიცებით, დირექტორი მოსწავლეებს სკოლაში კლასების დალაგებას აიძულებს, მაშინ როცა დამლაგებლის პოზიციაზე 3 სხვადასხვა ადამიანია რეგისტრირებული. ადგილობრივები დირექტორს იმაშიც სდებენ ბრალს, რომ სამსახურში მან მეუღლე გააფორმა, რომელიც ერთხელაც არ უნახავთ სკოლაში. დეპუტატი აშოტ საარიანი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ, მათ დირექტორს დაკავებული პოსტიდან უხმაუროდ წასვლა და ქართული ენის მასწავლებლის პოსტზე მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

24 სექტემბერს, ახალქალაქის რესურსცენტრში, დირექტორის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სკოლაში შექმნილი ვითარების გამო მწვავე დისკუსია გაიმართა.

დირექტორი არმენ პოლორჩიანი ამბობს, რომ სკოლის შენობა დიდია, შესაბამისად საჭიროა დამლაგებლის შტატის დამატება, რის შესახებ მოთხოვნა სამინისტროში მას უკვე გაგზავნილი აქვს, სწორედ ამიტომ, ხარჯები რომ დაეზოგა, მოსწავლეებს მართლაც სთხოვა კლასების დალაგება. რაც შეეხება მეუღლის მუშაობს, ამბობს, რომ ინფორმაციის მენეჯერის პოზიციას მისი მეუღლე მართლაც იკავებს. იგი ყოველდღე ნამდვილად არ დადის სკოლაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის სამსახურშია. შესაბამისად, კუმურდოელების ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ნებისმიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციაზე მას შესაბამისი დოკუმენტები გააჩნია. ამიტომ, გადადგომას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ კარგად მუშაობს.



ფოტოები გადაღებული ,,ჯეინიუსი"–ს მიერ.

ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტო ,,ჯეინიუსის" ინფორმაციით, კუმურდოში, სკოლა ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, წელს კი სოფლის ერთერთი მკვიდრის თაოსნობით, სასწავლო პროცესი ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სკოლაში გაგრძელდა, სადაც 310 მოსწავლე სწავლობს, აქედან 30 პირველკლასელია.

მშობლების ნაწილი სკოლაში განათლების დაბალ დონეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მე–12 კლასელთა ნაწილმა ატესტატის აღება ვერ შეძლო.
დირექტორი საპასუხოდ აცხადებს, რომ 26 მოსწავლიდან, 19–მა მათგანმა ატესტატი ვერ მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში განათლების დონე დაბალია, რადგან ჩაჭრილმა მოსწავლეებმა 8 საგნიდან ძირითადად ერთ საგანში ვერ მიიღეს საჭირო ქულები.
| Print |