განათლება
უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილი გაიხსენეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

უნივერსიტეტში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო სემინარი ჩატარდა. მოგვიანებით კი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მიხეილ თამარაშვილის შესახებ სპექტაკლის ჩვენება მოეწყო.

ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი მიხეილ თამარაშვილი (ერისკაცობაში ალექსანდრე) დაიბადა 1858 წელს ახალციხეში, ე. წ. "რაბათის" უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში.

დაწყებითი განათლება ახალციხეში ე. წ. "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში მიიღო. 1878 წელს მიხეილი სტამბოლში გააგზავნეს პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, საიდანაც, ესპანეთში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. სამი წლის შემდეგ, სტამბოლში დაბრუნებული, მღვდლად ეკურთხა.1888 წელს მიხეილ თამარაშვილმა დაამთავრა წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი, მუშაობდა წიგნსაცავებში არქივებსა და მუზეუმებში.

1891 წლიდან მიხეილ თამარაშვილმა სწავლა რომში სასულიერო აკადემიაში გააგრძელა. პროფესორმა ვატიკანის, იტალიის, თურქეთის, მოსკოვის, ალექსანდრიისა და ლონდონის არქივებში საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა გამოავლინა. მიხეილ თამარაშვილმა დაამუშავა საქართველო–ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალები და გამოსცა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის". ასევე, ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „ქართული ეკლესიის ისტორია“.

მიხეილ თამარაშვილმა ერთ–ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

მეცნიერი 1911 წლის 16 სექტემბერს დაიღუპა. იგი სანტა–მარინელას ეკლესიაში დაკრძალეს. მალე ქ. ჩივიტავეკიას წმ. მარინის პანსიონში გადაასვენეს, ხოლო 1978 წელს დიდი მამულიშვილის, რეზო თაბუკაშვილის ძალისხმევით, თბილისში, საზოგადო მოთვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
| Print |