განათლება
ახალციხეში მოსწავლეების ნაწილს წიგნები არ შეხვდა
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი ორი თვის წინ დაიწყო, თუმცა ზოგიერთ საგანამანათლებლო დაწესებულებაში წიგნები და სამუშაო რვეულები ისევ აკლიათ.

რიმა ასლანიანის ორივე შვილი ახალციხის მესამე სკოლაში დადის. მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებს, ქართული ენის რვეულები არ აქვთ. მასავლებლებმა და მშობლებმა გამოსავალი იპოვეს და ყველა მოსწავლისთვის ასლები გადაიღეს.

„შარშან ჰქონდათ, წელს არა. ქართული ენის რვეულები გადავაქსეროქსეთ. ჯერ არ დაუბეჭდიათო ამბობენ“, - გვითხრა ორი მოსწავლის დედამ. 

რიმა ასლანიანის შვილების მსგავსად, სამუშაო რვეული არ შეხვდა მანია მანუკიანის მეორეკლასელ შვილს.

„ერთი ცალია კლასში და ყველა ბავშვმა იქიდან დააქსეროქსა. სახელმძღვანელოების პრობლემა სულ გვაქვს. ქართული, ინგლისური, ბუნება, მათემატიკა - ესენი სკოლაში მოგვცეს. სომხური ენის წიგნი ჩემმა მეგობარმა მათხოვა“, - ამბობს მეორე კლასელი მოსწავლის დედა მანია მანუკიანი.



ახალციხის მესამე, სომხურ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ძველი წიგნებით დაიწყო. დირექტორი ამბობს, რომ მეორადი სახელმძღვანელოები პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა საგანში დარიგებულია.

„ძველი წიგნებით ვსარგებლობთ. სხვა სკოლებს თუ არ სჭირდებათ, ჩვენ გვაძლევენ. ერთი-ორი დაზიანებული წიგნი თუ არის, მაგას ჩვენც ვაქსეროქსებთ. ზოგი წიგნი გაილია, აღარ არის“, - ამბობს სუსანა აკოფოვა.

სკოლის დირექტორი პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს, ახალ სახელმძღვანელოებს ერთი წლის შემდეგ ჰპირდება. სუსანა აკოფოვა გვიყვება, რომ მათთვის სომხურენოვანი სახელმძღვანელოები ჯერ არ დაბეჭდილა.

„ახალი წიგნები ჯერ არ მიგვიღია. არ არის დაბეჭდილი, ამიტომ არ გადავსულვართ ახალ სასწავლო გეგმაზე. პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს ახალი წიგნები მეორე სასწავლო წლიდან ექნებათ. დანარჩენებს კი ეტაპობრივად". 



სახელმძღვანელოები აკლიათ ქალაქ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში. მეათეკლასელები ამბობენ, რომ ინგლისურის სამუშაო რვეული მხოლოდ რამდენიმე იყო, ამიტომ ასლის გადაღება მოუწიათ.

„სამი მეთერთმეტე კლასი ვართ. მეწარმეობის რამდენიმე წიგნია და იმას ვიყენებთ ყველა. სამოქალაქო განათლების წიგნებიც ძალიან ცოტაა“, - ამბობენ პირველი სკოლის მოსწავლეები.

მეთერთმეტე კლასელებს არ ეთანხმება სკოლის დირექტორი. ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ მეწარმეობის საგნის სახელმძღვანელოები სკოლაში საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა მძიმე ჩანთის გამო, მოსწავლეებს წიგნები სახლში არ მიაქვთ.

„პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებით სრულიად ვართ დაკმაყოფილებული. მეშვიდე-მეთორმეტე კლასების წიგნები ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ სამინისტრომ შეგვივსო დანაკლისი. თუ წიგნი გვაკლია რესურსცენტრს მივმართავთ. უწყება მოიკითხავს თუ რომელიმე სკოლაში არის ზედმეტი და გვაძლევს. სკოლები ვცვლით ერთმანეთში. შეიძლება ახალი არ იყოს, მაგრამ ისეთია, რომ ბავშვმა მოიხმაროს“, - გვითხრა ჟუჟნა გოგოლაურმა.



პირველ საჯარო სკოლაში ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. უფროსკლასელები სამუშაო რვეულების სიმცირეზე ჩივიან. მოსწავლეებს ეთანხმება სკოლის დირექტორი, თუმცა ამბობს, რომ ეს მცირე პრობლემაა და ამის გამო სასწავლო პროცესი არ ფერხდება.

„არის სამუშაო რვეულები რუსულში და ინგლისურში, რომელიც გვაკლია. თუმცა ეს არ არის კატასტროფა. თუ ვინმეს სჭირდება დავუქსეროქსებთ სკოლაში. ამის გამო სასწავლო პროცესს ხელი არ ეშლება. გარდა ამისა მასწავლებელი აწერინებს, კონსპექტებს აკეთებინებს“, - ამბობს სკოლის დირექტორი.




საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, სკოლებისთვის დანაკლისი წიგნების გადაცემა, ორ ეტაპად განხორციელდა. 

"სასწავლო წლის დასაწყისში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გვაწვდის ბაზას, რომლის მიხედვითაც ვადგენთ, რომელ სკოლას რამდენი წიგნი ან რვეული სჭირდება. თუ დანაკლისი მაინც ჰქონდა სკოლას, შეგვატყობინებს და მომენტალურად ვაგზავნით. თუ რესურსცენტრიდან მოთხოვნა არ გაკეთებულა, ცხადია ვერ გავაგზავნიდით", - აცხადებს მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

ეკა ომიაძე ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში რვეულების დანაკლისსაც გამოეხმაურა.

„სომხურენოვანმა სკოლებმა მოითხოვეს ქართულის, მათემატიკის სამუშაო რვეულები და გავუგზავნეთ. ახალციხის მესამე სკოლამაც უნდა გააკეთოს მოთხოვნა და დანაკლისს შევუვსებთ“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო. მანამდე სასკოლო წიგნები უსასყიდლოდ, მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გადაეცემოდათ. 2018 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე 14 მლნ. 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.

| Print |