განათლება
"გამოცდების სისტემა აიძულებს აბიტურიენტს იაროს რეპეტიტორთან" - სიმონ ჯანაშია
აბიტურიენტები საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. უმრავლესობას სკოლაში მიღებული ცოდნა არ ჰყოფნის, ამიტომ კარგი შედეგის მისაღებად, დამატებით რეპეტიტორებთან დადის. 

მეთორმეტე კლასის მოსწავლე თათია მსხვილიძე ჯერ საატესტატო, შემდეგ კი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. აბიტურიენტს სურს, რომ სკოლის შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის ფაკულტეტზე განაგრძოს. სკოლის მოსწავლე თვლის, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში, დამატებითი მომზადების გარეშე, მიზნის მიღწევა გაუჭირდება. თათიამ ოთხ საგანში - ქართულში, ზოგად უნარებში, ინგლისურსა და ისტორიაში რეპეტიტორთან მომზადება მეთორმეტე კლასიდან დაიწყო.
"მომზადება მჭირდება იმიტომ, რომ გამოვასწორო ის ჩავარდნები რაც სკოლაში მქონდა. სკოლაში მომცეს იმხელა განათლება, რომ გამოცდები ჩავაბარო. მინდა მაქსიმალური შედეგი დავდო და რეპეტიტორთან მეცადინეობა ამ მიზნის მიღწევისთვის მჭირდება", - ამბობს თათია მსხვილიძე.

გვანცა ჩუბინიძე საქართველოს უნივერსიტეტში, სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ამ სპეციალობაზე, მაღალი გადასახადის გამო, ახალციხის სოფელ ანში მცხოცრები გოგონა, სწავლას დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში შეძლებდა. ამის გამო, ბოლო წელს, რეპეტიტორთან ინგლისურსა და უნარების მათემატიკურ ნაწილში დაიწყო მომზადება. გვანცამ 70%–იანი გრანტი მოიპოვა. 
"დამატებით მომზადებისთვის დროც არ მქონდა. სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, ხოლო რეპეტიტორებთან სიარული ქალაქში მიწევდა. სოფლის სკოლაში ძირითადად სრული დასწრებაა და მოსწავლეები ყოველდღე ვერ გააცდენდნენ გაკვეთილებს. თანაც, ვერ ვხედავდი საჭიროებას. ოჯახის ფინანსებსსაც გავუფრთხილდი. ჩემი აზრით, მთავარი მონდომება და საკუთარი თავის რწმენაა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება საკუთარ თავზე მუშაობითაც გადალახო", - ამბობს გვანცა ჩუბინიძე.



"სექტემბრიდან ვემზადები მათემატიკაში, ქართულში, ინგლისურში, ისტორიასა და ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში. მომზადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ საგნებში დიდი მასალაა და თან სირთულეებიც ბევრია. ამ საგნებში ისეთი ძლიერი არ ვიყავი, რომ გამოცდები კარგად ჩამებარებინა. შეიძლება გადამელახა ბარიერი, მაგრამ მე უკეთესი შედეგი მინდა", - ამბობს მეთორმეტე კლასელი გვანცა მაღრაძე, რომელსაც სწავლის გაგრძელება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სურს.

აბიტურიენტები საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. უმრავლესობას სკოლაში მიღებული ცოდნა არ ჰყოფნის, ამიტომ კარგი შედეგის მისაღებად, დამატებით რეპეტიტორებთან ემზადება.

მოსწავლეები რეპეტიტორთან სიარულს ძირითადად, დამამთავრებელ კლასში იწყებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ოთხ საგანში მომზადება აბიტურიენტს საშუალოდ, რამდენიმე ათასი ლარი უჯდება. ოჯახების დიდ ნაწილს, სოლიდური თანხის გადახდა უჭირს, თუმცა მოსწავლეები ამბობენ, რომ სხვაგვარად სტუდენტის სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებენ.
"მეთორმეტე კლასში საგამოცდო საკითხების სრულად გამეორებას ვერ მოასწრებ, გამორიცხულია. არ მინდა რეპეტიტორებთან ფული ვხარჯო, მაგრამ ამ ცოდნით საატესტატო გამოცდებს ჩავაბარებ, ეროვნულებზე კი გამიჭირდება".

"სკოლაში თითქმის აღარ დავდივართ, აბიტურის საათები არ გვყოფნის და რეპეტიტორთან ვემზადებით ყველა კლასელი".

"მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით, მაღალი ქულების მიღება გამიჭირდება. არადა ჩემს ფაკულტეტზე ისეთი კონკურსია, თუ კარგ ქულებს არ ავიღებ, ვერ მოვხვდები. მეთორმეტე კლასის პროგრამა, საგამოცდო საკითხებს სრულად არ მოიცავს". 

განათლების სისტემაში ხარვეზები რომ არსებობს, ამას პედაგოგები არ მალავენ. თუმცა პირველი საჯარო სკოლის დირექტორს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მიაჩნია, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლაში მიღებული ცოდნით, გამოცდაზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს. 

"პატიოსანი მასწავლებლები შედეგს ყოველთვის აღწევენ ხოლმე. თუ მოსწავლე გაკვეთილზე დაესწრება, თუკი მასწავლებელს დირექცია მოსთხოვს გაკვეთილები სისტემატურად ჩაატაროს, ვფიქრობ რომ შესაძლებელია მომზადების გარეშე ჩაბარება. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ასე არ ხდება. მგონია, რომ მშობლების გამოა, თითქოს მოდაში შემოვიდა, თუმცა ამას ვერ აღვკვეთავთ", - ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური. 



სკოლის მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში, რეპეტიტორებიც არიან. რატომ ვერ იღებს მოსწავლე პედაგოგისგან გაკვეთილზე იმ ცოდნას, რასაც იგივე მასწავლებელი რეპეტიტორობის დროს აძლევს – მასწავლებლები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
"მოსწავლეებმა იციან, რომ მაინც მოამზადებს მშობელი, ამიტომ გაკვეთილზე უყურადღებოდ არიან. მომზადების დროს ინდივიდუალურად ვმუშაობ ბავშვთან, გაკვეთილზე კი 45 წუთში მიწევს 25 მოსწავლესთან კონტაქტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომზადების დროს ვიყენებთ სხვადასხვა ლიტერასტურას, რასაც სკოლის წიგნში ვერ შეხვდებით", - ამბობენ პედაგოგები.

რეპეტიტორების საჭიროება იქნება მანამ, სანამ მისაღები გამოცდები ამ ფორმით იარსებებს - ამბობს პროფესიორი და განათლების საკითხების ექსპერტი სომონ ჯანაშია. 
"რაც არ უნდა კარგად ასწავლოს მასწავლებელმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეს რეპეტიტორი მაინც დასჭირდება. რადგან ის ეჯიბრება სხვა პედაგოგის მიერ სხვაგვარად მომზადებულ მოსწავლეს და არ იცის, მიიღებს თუ არა სხვაზე მეტ ქულებს. ანუ სისტემაა ისეთი, რომ აიძულებს აბიტურიენტს, იაროს რეპეტიტორთან იმისთვის, რომ აჯობოს სხვას. მხოლოდ მასწავლებლის კომპეტენციაზე არ არის დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მაღალ ქულას აბიტურიენტი. ეს დამოკიდებულია სხვა მოსწავლის შედეგზე. პრობლემა ესაა. ამიტომ ასეთი სისტემა არის ცუდი". 

განათლების საკითხის ექსპერტის თქმით, გამოცდების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და აბიტურიენტებს უნდა შეეძლოთ უნივერსიტეტს სხვა კრიტერიუმებითაც მოაწონონ თავი.
მაგალითად, ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტები სტუდენტს იღებენ სკოლის ნიშნების, გამოცდილების, აქტივობების მიხედვით", - ამბობს სიმონ ჯანაშია.
| Print |