განათლება
"საბავშვო ბაღი ღუმელით აღარ უნდა თბებოდეს" - ნინო ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 25 ბაგა-ბაღია, სადაც 2 000-მდე აღსაზრდელი სწავლობს. აქედან, ცენტრალული გათბობა მხოლოდ პირველ, მესამე, მეხუთე, მეექვსე და ვალის ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაშია, დანარჩენ 20-ში აღსაზრდელები ღუმელით თბებიან.

არევატ დავთიანი ახალციხის ადგილობრივი მკვიდრია. მას ორი შვილიშვილი პირველ ბაგა-ბაღში დაჰყავს. არევატის სურვილია, რომ ღუმელები ცენტრალური გათბობით შეიცვალოს და ბაღს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდეს.

,,ღუმელი ამ დროს აღარ შეიძლება, ბავშვმა შეიძლება ხელი დაიწვას და ძალიან საშიშია“ - შიშობს არევატ დავთიანი.



,,წესით ღუმელით აღარ უნდა თბებოდეს საბავშო ბაღი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე იქ, სადაც ბუნებრივი აირი არაა მიყვანილი მაშინ რა უნდა ქნან? სხვა ალტერნატივა არ არის. თუმცა, ეს ყველაფერი რომ ევროპულ სტანდარტებს დავუკავშიროთ, აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო სულაც არ არის. დამცავი ბადე მაინც უნდა არსებობდეს, რომელიც ბავშვს დამწვრობისგან დაიცავს“ - ამბობს world vision-ის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.



,,ყველგან უნდა იყოს სტანდარტის მიხედვით გათბობა, მაგრამ გაზი არ არის გაყვანილი. ქალაქში რომელ ბაღსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება, გადავა ცენტრალურ გათბობაზე. მომავალში ეს ყველაფერი გათვალისწინებული და გათვლილია“
-განმარტავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი მარინა მერაბიშვილი.

საგანმანათლებლო პროგრამა, კვალიფიციური აღმზრდელ-პედაგოგები, წყლის, სანიტარიის, ჰიგიენის, ინფრასტრუქტურისა და კვების დადგენილი სტანდარტები - ეს იმ მოთხოვნათა ჩამონათვალია, რომელიც თითოეულმა საბავშვო ბაღმა, საქართველოს კანონის მიხედვით უნდა დააკმაყოფილოს.

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ კანონში ბევრი რამაა ჩამოთვლილი, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ფართის გადანაწილება. თუმცა ჩვენი რეალობა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რადგან ფართი და ფიზიკური გარემო არ აქვთ, ბევრ ბაღში რეაბილიტაციაა ჩასატარებელი. ამ კუთხით სოფლებში უფრო კარგი სიტუაციაა, რადგან იქ შენობები გარემონტდა“ - ამბობს ნინო ლომიძე.

საქართველოში "ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ" კანონის მთავარი მიზანი აღსაზრდელების სრულფასოვანი განვითარებაა.
| Print |