Error
განათლება
ახალგაზრდების პრობლემები სტუდენტურ ქალაქში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1216 ბაკალავრი და 88 მაგისტრანტი სწავლობს. სტატუსშეჩერებული სტუდენტი კი 2017-2018 წლების მონაცემებით, 206 ბაკალავრი და 110 მაგისტრანტია. 

მათი უმრავლესობა სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, უნივერსიტეტისთვის საერთო საცხოვრებელის უქონლობაზე, მოუწესრიგებელ გზებსა და ამორტიზებულ ტრანსპორტზე ამახვილებს ყურადღებას.

,,გავიაზრე, რომ უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანია, რადგან განათლებული ადამიანები სახელწმიფოს გავაძლიერებთ“ -სოფელ ზიკილიაში მცხოვრებ სტუდენტს ყოველდღე 22 კილომეტრის გავლა უწევს, რათა უნივერსიტეტში ლექციებს დაესწროს.



ნაზი ახალკაცის დღე შვიდ საათზე იწყება, დილით ადრე დღება, სემინარებს იმეორებს და ერთ კილომეტრს ფეხით გადის, რადგან ავტობუსის გაჩერებამდე დროულად მივიდეს. უნივერსიტეტში სიარული სოფლის მოუწესრიგებელი შიდა გზების გამო განსაკუთრებით ცუდ ამინდებში უჭირს.

,,სოფელში, ამხელა გზის ფეხით გავლა, განსაკუთრებით წვიმის დროს ჭირს“ - ამბობს ნაზი ახალკაცი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. სოფელ ზიკილიაში მთავრი გზის მშენებლობა ორ ეტაპად, 2015-2018 წლებში მიმდინარეობდა, რისთვისაც ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ახალგაზრდა სტუდენტი დროისა და მანძილის გამო, უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ვერ მონაწილეობს.

,,ფილმის ჩვენებას ვერ ვესწრები და გული მწყდება, საღამოს საათებშია და ტრანსპორტი ამ დროს აღარ მოძრაობს, ამიტომ უნივერსიტეტის ფილმის ჩვენებაზე არასდროს ვყოფილვარ“ - გვიყვება სტუდენტი. მიუხედავად პრობლემისა, ნაზი ფიქრობს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანება განვითარებაში ხელს შეუწყობს. ახლა კი, როგორც თავად უწოდებს ,,ლექცია-სემინარის“ პერიოდი აქვს.

ნაზის მომავალი პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სწავლის გაგრძელებას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ მაგისტრატურის დამთავრების გარეშე დასაქმება გაუჭირდება.




სოფელი ზიკილია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბაკურიანი - ამ მარშრუტის გავლა სტუდენტ რატი გელხვიძეს ხშირად უწევს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახურის იმედით ჩააბარა, რადგან სწავლის საფასურის ნაწილის გადახდას აღებული ხელფასით ახერხებს, ნაწილს კი ოჯახი უფარავს. სამსახურის გამო ლექციების გაცდენაც ხშირად უწევს.

,,სასაიამოვნოა, როცა სტუდენტი თავად მუშაობს და ოჯახს ამის გამო აღარ აწუხებს. თავისუფალი დრო მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს, ისიც თუ სამსახურს არ დაემთხვა. ამიტომ, ვცდილობ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო“.

რატის აზრით, ახალგაზრდების დასაქმებისთვის უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია.

,,სამსახურის ძებნა რთული პროცესია, უფრო რთულია, როდესაც უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი არ გაქვს. სწავლის დროს მუშაობაც ძნელია, რს გამოც ხშირად უნივერსიტეტის გაცდენა მიწევს“ - ამბობს რატი გელხვიძე.

სწავლასთან ერთად მუშაობა რატიმ 2014 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა პროფესიულ სასწავლებელში დაცვა –პატრულირების სპეციალობაზე სწავლობდა.



დასაქმების სურვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინი გოგოლაძესაც აქვს, თუმცა ამ დრომდე მთელ დროს სწავლას უთმობს. მისი დილა 8 საათზე იწყება, უნივერსიტეტში ლექციებს ესწრება, შემდეგ სახლში ბრუნდება და სემინარებს სწავლობს. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად ატარებს.

,,თუ კარგი მომავალი მინდა, რაღაცის დათმობაც უნდა შემეძლოს. მეგობრების დახმარებით ახალ გარემოს მარტივად შევეგუე“.

საერთო საცხოვრებლის არარსებობა ახალციხეში პრობლემას წარმოადგენს ნინი გოგოლაძისთვის. იგი ბაკურიანიდან არის, რის გამოც ახალციხეში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნინის ოჯახისთვის შვილის სტუდენტობა ორმაგ ხარჯს უკავშირდება – გოგოლაძეების ოჯახი ყოველთვიურად სწავლის საფასურის გარდა ბინის ქირასაც იხდის. ნინის თქმით, უნივერსიტეტში ბევრია იმ სტუდენტთა კატეგორია, ვისაც სიარული სოფლიდან უწევს და ამის გამო საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ვეღარ ერთვებიან.

,,საერთო საცხოვრებელი ტრანსპორტირების პრობლემასაც მოაგვარეს უნივერსიტეტში, რადგან სტუდენტებს ქალაქში დარჩენის საშუალება ექნებათ“ - ამბობს ნინი გოგოლაძე.



სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათთვის მთავარ გამოწვევად ახალციხეში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის არ არსებობა რჩება.

,,მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ახალციხეში სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას ვგეგმავთ, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის“ - აღნიშნავს მაკა ბერიძე.

სტუდენტებისთვის შექმნილი პრობლემების საპასუხოდ აცხადებს, რომ ,,ერთადერთი მექანიზმი, სასწავლო ცხრილების შედგენისას, სოფლად მცხოვრები სტუდენტების გათვალისწინებაა, ამიტომ ლექციები ძირითადად დილიდანვე ტარდება. საუნივერსიტეტო ღონისძიებს ყოველთვის ვუთავსებთ სოფლად მცხოვრები სრტუდენტების განრიგს, რადგან ტრანსპორტის პრობლემა არ შეექმნათ “- აღნიშნავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.
| Print |