განათლება
აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილს ეწურებათ
გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზეა (www.naec.ge და online.naec.ge) შესაძლებელი. იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს რეგისტრაცია, დადასტურებას იღებენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.

7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და საერთო სამაგისტორო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.
| Print |