განათლება
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, 8 აპრილს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიულ სასწავლებელში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს. პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

ახალციხის პროფესიული კოლეჯი "ოპიზარი" მიღებას რვა სპეციალობაზე აცხადებს. მოდულურებია - ხის მხატვრული დამუშავება, შედუღება, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ბუღალტრული აღრიცხვა, იატაკისა და ფილის სამუშაოები, თმის სტილისტი. დუალური ორი პროგრამაა: საავტომობილო გზების მშენებლობა და მეფუტკრეობა.

კოლეჯში სულ 187 ადგილია.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

დუალური პროგრამები ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსებისთვის, რაც უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციულ ხარჯებსაც მოიცავს, 16 მილიონი ლარია გამოყოფილი.
| Print |