განათლება
კომაროვის სკოლა ახალციხეში
კომაროვის საშაბათო სკოლა ახალციხეშიც იხსნება.
თბილისში საშაბათო სკოლის ათწლიანი ფუნქციონირების შემდეგ, კომაროვის სკოლის ადმინისტრაციამ პროექტის გაფართოვება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ კომაროვის სკოლა თბილისში მდებარეობს, იგი მთელი საქართველოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. სკოლას აქვს კეთილმოწყობილი პანსიონი, რომელშიც მუდმივად, რეგიონებიდან ჩასული 100 საუკეთესო მოსწავლე ცხოვრობს და კომაროვის სკოლაში განათლებას უფასოდ იღებს.

ახალციხის მერიის ოფიციალური გვერდიდან გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბევრი წარმატებული მოსწავლე თუ კურსდამთავრებული, სწორედ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები არიან, რის გამოც კომაროვის საშაბათო სკოლის რეგიონში გახსნა გადაწყდა, რათა უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენა და მომავალში მათ წინსვლის ხელშეწყობა მოხდეს.

✔ სკოლაში მიიღებიან მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.
✔ გაკვეთილებს ჩაატარებენ კომაროვის მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები.
✔ მათი ხანგრძლივობა იქნება 3 საათი, 15 წუთიანი შესვენებით და ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათ ან კვირა დღეს. გაკვეთილები ძირითადად შეეხება კომაროვის შაბათის სკოლაში აპრობირებულ კლასგარეშე საკითხებს, რომლებიც აზროვნებაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებული. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა, რომელთაგან ბოლოს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან კომაროვში.
✔ გადასახადი: თვის განმავლობაში 50 ლარი (4 მეცადინეობა). სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები ბავშვები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ასევე შეღავათი შეეხებათ დედმამიშვილებს. მოცემულ შემთხვევაში ერთი გადაიხდის მთლიან თანხას, ხოლო მეორე და შემდეგი გადაიხდის ნახევარს (25 ლარს).

სკოლის გახსნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 13 აპრილს, 13:00 საათზე, (მის:ქ. ახალციხე, კოსტავას ქუჩა #18, მერიის ადმინისტრაციული შენობა) სადაც დაინტერესებული მშობლები გაეცნობიან ინფორმაციას კომაროვის საშაბათო სკოლის მიზნებისა და სწავლების მეთოდების შესახებ და შეძლებენ ბავშვების დარეგისტრირებას.

საკონტაქტო პირები: 591-41-10-70 ზაური გავაშელი, 591-41-10-61 დაჩი ჭავჭავაძე
| Print |