განათლება
პროტესტის მეხუთე დღე - აზავრეთის სკოლაში სწავლა არ განახლებულა

 

ახალქალაქის სოფელ აზავრეთის მოსწავლეები, სკოლაში არც დღეს, 12 აპრილს მივიდნენ. მოზარდები და სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო პროცესის განახლებას, ავარიული შენობის პრობლემის მოგვარებამდე არ აპირებს.

 


ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ტერეზა ჩივჩიანი გაფიცულებს ორ გზას სთავაზობს: სასწავლო პროცესი ან ალტერნატიულ ფართში, ან მეზობელ სოფელ ბურნაშეთის სკოლაში გაგრძელდეს.

„ბურნაშეთამდე ორი კილომეტრია, იქამდე ცუდი გზა არის, მაგრამ არდადეგებამდე ორი თვეა და სანამ აზავრეთში სკოლის შენობა გარემონტდება, იქამდე შეიძლება ბავშვებმა მეორე „სმენაში“ იარონ. თუ ეს ვარიანტი არ იქნება, განვიხილავთ იმასაც, რომ აზავრეთშივე გამოინახოს ფართი, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ სკოლის რემონტი დაჩქარდეს და ზამთრამდე დასრულდეს“, - გვითხრა ტერეზა ჩივჩიანმა.

სკოლის დირექტორმა მათი პრობლემის შესახებ პრემიერ-მინისტრს 3 აპრილს მიწერა. წერილი ბახტაძის ადმინისტრაციამ, მერიასთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, განათლების სამინისტროსაც გადაუგზავნა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ წერილი ჯერ არ შესულა, თუმცა რეგიონის სკოლების რემონტი მათ აღარ ეხება.

შენობის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს მაისში გამოაცხადებენ. ამის შემდეგ გაირკვევა, რა თანხაა საჭირო სრული რეკონსტრუქციისთვის, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

იმის გამო, რომ გაკვეთილები ავარიულ შენობაში ტარდებოდა, მოსწავლეები და მათი მშობლები 8 აპრილს გაიფიცნენ. მათი თქმით, ჩამონგრეული ჭერი და დაზიანებული კედლები მოზარდების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. გაფიცულებს მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს. მშობლების თქმით, სასწავლო პროცესი იქამდე არ განახლდება, თუ ახალი სკოლის აშენების პირობას არ მიიღებენ. 

 

| Print |