განათლება
აზავრეთის სკოლა ალტერნატიულ ფართში გადადის
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის 210 მოსწავლე, გაფიცვას წყვეტს. სკოლა საგაკვეთილო პროცესს მაღაზიის ყოფილ შენობაში განაახლებს. ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობასთან, 15 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

სოფლის დეპუტატის სიფან შიპაქციანის თქმით, სასწავლო წლის ბოლომდე ქირას მერია გადაიხდის.

„მერმა წერილები გააგზავნა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის სახელზე, ველოდებით პასუხს. მანამდე კი ალტერნატიულ ფართში შევალთ. მერე ვნახოთ რა მოხდება“, - გვითხრა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორი ტერეზა ჩივჩიანი ამბობს, რომ გაფიცულებს ორი გზა შესთავაზეს. სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში, ან მეზობელ სოფელ ბურნაშეთის სკოლაში გაგრძელდეს.

„ქირა და რემონტი ჩვენ არ გვეხება, მხოლოდ სასწავლო პროცესი გვეხება. სკოლისგან ოფიციალურ, წერილობით ინფორმაციას ველოდები იმაზე, თუ რა გადაწყვიტეს საბოლოოდ. სჭირდებათ თუ არა ჩვენი დახმარება“, - ამბობს ტერეზა ჩივჩიანი.

აზავრეთის 210 მოსწავლე 8 აპრილს გაიფიცა. მათ მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაცია. სოფელში ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და მოზარდების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
| Print |