განათლება
23 აპრილი წიგნის კითხვისა და ახლა უკვე ჩუქების დღეა
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.

1923 წელს კატალონიელი წიგნის გამყიდველების მიერ მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მოწყობილი წიგნების ფესტივალი ტრადიციად 1995 წელს იქცა.

„იუნესკოს“ გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს „თეთრი წიგნის კვირეულით“ აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც წიგნის მსოფლიო დღე დიდ დღესასწაულად იქცა.

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოვიდა მწერალი გიორგი კეკელიძე. ინიციატივის მიზანია, საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედ აღინიშნოს და ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია მოხდეს.

„23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.
| Print |