განათლება
ბანკეტი, რომელიც მშობლებს „ძვირად უჯდებათ“
მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. „გილოცავ“, „გამოცდების ჩაბარებას გისურვებ“, „ხვალიდან ახალი ცხოვრება იწყება“ - ეს წარწერები კურსდამთავრებულებს სკოლის ბოლო დღეს, თეთრ პერანგებზე აქვთ. მოხატულ მაისურებთან ერთად, სკოლის დასრულების სიმბოლოდ ძვირადღირებული ბანკეტიც იქცა. ხარჯის დაფარვა აბიტურიენტების ოჯახებს ხშირად, სესხით უწევთ.

ელენე დალალიშვილი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. აბიტურიენტის მშობლებს, სასწავლო წლის ბოლოს რეპეტიტორების გადასახადთან ერთად, საბანკეტოდ 1 500 ლარის მოძიება მოუწიათ.

„ჩემი აზრით, ბოლო ზარი აუცილებელია, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორიც დღესაა. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი საზღვრები უნდა გააჩნდეს. მხოლოდ საბანკეტო კაბა და ფეხსაცმელი 300 ლარი დამიჯდა. ჩაცმის გარდა, გოგონებს სხვა საჭიროებებიც გვაქვს - მაკიაჟი, თმა, მანიკური. ჯამში ჩემი ბოლო ზარი და ბანკეტი ოჯახს საკმაოდ ძვირი უჯდება“, - ამბობს აბიტურიენტი.

ელენესგან განსხვავებით, მისი კლასელი მარიამ ნებაძე სკოლის დასრულების აღნიშვნის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი აზრით, ფული რაც ორ დღეში რესტორანსა და ჩასაცმელში უნდა დაიხარჯოს, შესაძლებელია აბიტურიენტმა სხვაგვარად გამოიყენოს.

„არ მომწონს საბანკეტო ცერემონიალი, არა იმიტომ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ძვირი ჯდება. სჯობს ეს თანხა კლასმა თავის სიამოვნებაში გადაიხადოს და რამდენიმე დღით, სამოგზაუროდ წავიდეს. საშუალოდ, 1 000 ლარი მიჯდება ყველაფერი, საბანკეტო კაბა 200 ლარი ღირდა, ფეხსაცმელი კი- 100 “,- აბობს მარიამ ნებაძე.

სკოლის დამამთავრებელი ღონისძიებისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყება. მეხუთე საჯარო სკოლის ერთ-ერთმა კლასმა, სპეციალურად ბოლო ზარისთვის სიმღერა ჩაწერა და 150 ლარი გადაიხადა. საბოლოოდ, სიმღერამ დირექციის ცენზურა ვერ გაიარა და კურსდამთავრებულებს მისი ჩართვის ნება არ მისცეს.

„წყალში გადავყარეთ ფული“, - ამბობენ კურსდამთავრებულები.

ორი თვე დასჭირდათ აჭარულის შესასწავლად. მასწავლებელს თითოეულმა 40 ლარი გადაუხადა.

გიორგი კაკიაშვილი ბანკეტისა და ეროვნული გამოცდებისთვის ერთდროულად ემზადება. აბიტურიენტს გადაწყვეტილი აქვს, სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელოს. ამბობს, რომ სკოლის დამთავრება ბიჭებს უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე გოგონებს.

„ბოლო ზარის აღნიშვნა აუცილებელია, რადგან ბავშვებს ეს ერთი დღე რჩებათ მოგონებად. ფინანსურ პრობლემებს მოსწავლეები ნამდვილად გადააწყდებიან, მით უმეტეს, პატარა ქალაქებში ყველაფერი ძვირია, მშობლებს უწევთ თბილისში ან ძვირადღირებულ მაღაზიებში ვაჭრობა. საშუალოდ, ჩემი ბანკეტი და ბოლო ზარი 2 000 ლარი დაჯდა. რესტორნისა და ვიდეო გადაღებისთვის 300-350 ლარი ავკრიფეთ“, - ამბობს გიორგი კაკიაშვილი.

თიკო ვარდიძის კლასმა ბანკეტის თარიღად სამი ივნისი ჩანიშნა. აბიტურიენტი ფიქრობს, რომ მეთორმეტე კლასელებმა მხოლოდ ბოლო ზარი უნდა აღნიშნონ. კურსდამთავრებულს რესტორანსა და ვიდეოგადაღებაში 350 ლარის გადახდა მოუწია.
„ბოლო ზარი უნდა არსებობდეს, მომწონს სკოლის დასრულებისას მაისურებზე წარწერები და მხიარულება, მაგრამ ბანკეტი ნამდვილად არ არის აუცილებელი“.

იზა კვინიკაძეს ორი წელია საბანკეტო ხარჯების გაღება უწევს. სკოლა შარშან ერთმა, წელს კი მეორე შვილმა დაამთავრა. ოჯახისთვის დამატებითი ხარჯის მიუხედავად, აბიტურიენტის დედა ამბობს, რომ მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარი და ბანკეტი უნდა გადაიხადონ.

„შობლებს ამ პერიოდში მეტი დატვირთვა მოგვიწია, ფინანსური კუთხე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს ცერემონიები ვიღაცისთვის გადამეტებულია ვიღაცისთვის კი მისაღები. ხარჯები ყველასთან სხვადასხვანაირია, ვიღაცას ძალიან გრანდიოზული კაბა უნდა, ვიღაცას მოკრძლებული. ჩემი ოჯახის ხარჯები რასაც გაწვდა, ჩემს შვილსაც ისეთი კაბა აცვია“, - გვითხრა იზა კვინიკაძემ.

„800-ლარიანი სესხი ავიღე, ორ წელზე გამინაწილეს. არ ვიცი როგორ გადავიხდი, მაგრამ ჩემს შვილს კლასელებისგან ვერ გამოვყოფდი, გული დასწყდებოდა. ყველა იჭირვებს და მეც გავიჭირვებ“, - გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

აბიტურიენტმა გოგონებმა, ბოლო ზარისა და ბანკეტის თარიღამდე ერთი თვით ადრე დაჯავშნეს ადგილი სტილისტებთან და ვიზაჟისტებთან. მაკიაჟს ახალციხის სილამაზის სალონებში ფიქსირებული ფასი აქვს - 20-25 ლარი. სადღესასწაულო ვარცხნილობაში კი 30-40 ლარის გადახდა უწევთ. სამზადისში ყველაზე იაფი ფრჩხილის მოწესრიგება ჯდება. მანიკიური 5, ე.წ. „შილაკი“ 20 ლარი.

ბიჭები ამბობენ, რომ ბოლო ზარი და ბანკეტი მათ უფრო „ძვირად უჯდებათ“.

„რესტორნის თანხის გარდა, შარვალ-კოსტუმსა და ფეხსაცმელებში 410 ლარი გადავიხადე. ბიჭებს კიდევ გვჭირდება დამატებითი ხარჯი ბენზინში, მანქანებსა და ყვავილებში“, - ამბობს ნიკა ჯინჭველაძე.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ ბოლო ზარის მასშტაბურად აღნიშვნა ახალგაზრდების გადაწყვეტილებაა. რესურსცენტრის უფროსი ფიქრობს, რომ სკოლის დამთავრება უფრო „ცივილური ფორმით“ არის მიზანშეწონილი.

„მთავარია, სასწავლო პროცესი და სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც მოქალაქე ვთვლი, რომ სასურველია ახალგაზრდებისთვის უფრო შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნონ“, - ამბობს ხათუნა ხმალაძე.

კლასის ბანკეტს ვერ დაესწრება ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე. 17 წლის ბიჭი ამბობს, რომ ოჯახი მის საბანკეტო ხარჯებს ვერ გაწვდა.
| Print |