განათლება
მსოფლიო ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს ახალციხელი მოსწავლეები წარადგენენ
პროექტში “ტექნოლოგია საქართველო“ ახალციხელმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
პირველი საჯარო სკოლის 5-მა გოგონამ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. თაკო თათეშვილი, ნინო ჟუჟუნაძე, მარიამ აფრიამაშვილი, სალომე გვირჯიშვილი და ნიაკო კაჭკაჭაშვილი საქართველოს სახელით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შეეჯიბრებიან.

კონკურსში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხუთი მოსწავლისგან შემდგარი 13 გუნდი მონაწილეობდა.

„კონკურსისთვის შევქმენით აპი. ჩვენი მიზანი იყო, უცხოელი ტურისტებისთვის ახალციხეში გადაადგილების მარტივი გზა შეგვეთავაზებინა. წარვადგინეთ და გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ“ - ამბობს გუნდის მონაწილე სალომე გვირჯიშვილი.

გოგონებმა სპეციალური, ინგლისურენოვანი აპლიკაცია ხუთ თვეში შექმნეს, „აპში“ ნაჩვენებია ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტი, დრო და განრიგი. კონკურსის ფარგლებში, პრეზენტაცია ინგლისურად წარადგინეს.

,,გოგონებით ძალიან ვამაყობ. თავდაუზოგავად შრომობდნენ. იღბლიანი ვარ, რომ მათი მენტორი ვიყავი, ეს ქვეყნის მომავალი თაობაა, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა“ - წერს სოციალურ ქსელში გუნდის მენტორი ბრიტნი დობოსი, რომელიც პირველ სკოლაში მოხალისედ მუშაობს და მოსწავლეებს ინგლისურს ასწავლის.

საქართველოში გამარჯვებული გოგონების გუნდი მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით მიიღებს. ჯერ არ გარკვეულა, სად ჩატარდება კონკურსი, სადაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდი 2 კვირით კალიფორნიის შტატში გაემგზავრება. 

ფოტოების ავტორი: ბრიტნი დობოსი
| Print |