განათლება
სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდა (ვიდეო)
დღეს, 17 ივნისს, საქართველოს 2 071 საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს შემადგენლობა აირჩიეს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა ახალციხის სკოლებშიც. საარჩევნო უბნები 9.00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი 10:00 საათზე დაიწო და 16:00 საათამდე გაგრძელდა.

მეექვსე საჯარო სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მისი წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

საბჭოს წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. თავის მხრივ კი სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას.

წელს გაიმართა რიგით მეხუთე არჩევნები. პირველად სამეურვეო საბჭო 2006 წელს აირჩიეს. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს შემადგენლობას სამი წლის ვადით ირჩევენ.


| Print |