განათლება
რუსეთის უნივერსიტეტმა საქართველოს აბიტურიენტებისთვის კვოტა გაზარდა
ბოლო პერიოდში, ჯავახეთში იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც სასწავლებლად რუსულ – სომხურ უნივერსიტეტს ირჩევს. ახალქალაქის ხუთი სკოლიდან – სამი სომხური, ერთი რუსული და ერთიც ქართული სკოლაა. სომხური და რუსული სკოლის წარმომადგენლების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით რაუში ჩაბარების მსურველთა რიცხვი თითქმის გაორმაგებულია. რუსულ სომხურ უნივერსიტეტში – ე.წ. РАУ (РОССИЙСКО-АРМЯНСКИЙ УНИВЕРСИТЕТ) ერევანში მდებარეობს. ჯავახეთის ახალგაზრდების დაინტერესება კი ამ სასწავლებლის მიმართ ყოველწლიურად იზრდება.

ანაჰიტ მანუკიანი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც გასაუბრებით რუსულ–სომხურ უნივერსიტეტში უკვე ჩაირიცხა. ამბობს, რომ რუსული სკოლის დამამთავრებელ კლასში 27 მოსწავლიდან ნაწილი 4+1 პროგრამით (არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის მოსამზადებელ კურსზე სახელმწიფო ენის შესწავლა) აპირებს სწავლის გაგრძელებას, ხოლო მეორე ნაწილი მასთან ერთად ერევანში გააგრძელებს სწავლას. იმის გამო, რომ სახელმწიფო ენას კარგად ვერ ფლობს, სწავლა რუსულ სექტორზე გადაწყვიტა.

,,ამ უნივერსიტეტის შესახებ მესამე წელია ვიცი. იქ ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობი სწავლობს ჯავახეთიდან. პროგრამის შესახებ მეგობრებისგან შევიტყვე, უფრო მეტი კი ინტერნეტით მოვიძიე. გასაუბრებაში მონაწილეობა მივიღე და რუსულ პროგრამაზე ჩავირიცხე კიდეც. სწავლა უფასოა. სხვებზე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე რაც ვიცი, ნაწილი მოხვდა ერევანში, ნაწილი რუსეთში. ზოგი თბილისში აპირებს სწავლის გაგრძელებას“ – ამბობს ანაჰიტ მანუკიანი.

ანაჰიტის მსგავსად სწავლის გაგრძელებას რაუში აპირებს მისი კლასელი დიანა ხაზარიანი. ,,სლავიანსკის უნივერსიტეტში ჩავაბარე. ამიტომ არც დავინტერესებულვარ 4+1 პროგრამით, რადგან კარგად არ ვიცი ქართული ენა, მხოლოდ სალაპარაკო დონეზე, ამიტომ ვფიქრობ, რაუ სწორედ ის არის, რაც მჭირდება“ – ამბობს დიანა.

რას სთავაზობს რაუ აბიტურიენტებს?

რუსულ –სომხური უნივერსიტეტის შექმნის გადაწყვეტილებას ხელი 1997 წლის 29 აგვისტოს მოეწერა. უნივერსიტეტის სრულუფლებიანი დამფუძნებლები არიან რუსეთისა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. სასწავლებელი 2003 წლის 23 აპრილს თავდაპირველად მოსკოვში გაიხსნა. 2015 წლიდან უნივერსიტეტს ერევანში, სომხური სექტორიც დაემატა.

RAU-ს უნივერსიტეტში ამჟამად 21 ფაკულტეტი და რვა ინსტიტუტი ფუნქციონირებს. სტუდენტებს სწავლა 2012 წლიდან ინსტიტუტების შემდეგ ფაკულტეტებზე შეუძლიათ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, საინჟინრო ფიზიკის, ბიომედიცინის, მედიცინის, რეკლამისა და კინოს, სამართლისა და პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის და აღმოსავლეთმცოდნეობის. რაუში ამჟამად როგორც RAMU- სკოლა Usmunk რუსული ენის სიღრმისეული შესწავლით, ასევე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასპირანტურა ფუნქციონირებს.

აბიტურიენტები რაუში სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ინტერნეტის დახმარებით ონლაინ გასაუბრებას გადიან და დადებითი პასუხის შემთხვევაში სასწავლებელში ირიცხებიან. უნივერსიტეტში სწავლა უფასოა.

როგორია სტატისტიკა ჯავახეთში?

ახალქალაქში ერთი რუსული სკოლაა. ადმინისტრაციის მონაცემებით, სკოლა 2019 წელს 31–მა აბიტურიენტმა დაამთავრა. სკოლის დირექტორი ტერეზა ნაჰატეტიანი ამბობს: ,,4+1 პროგრამით სწავლის გაგრძელებას მათგან 4 აბიტურიენტი აპირებს, რაც შეეხება რაუს, სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხი მე რაც ვიცი 6–მა უკვე მიიღო, რაც შეეხება დანარჩენებს, ნაწილი ელოდება ჯერ კიდევ პასუხს, ნაწილის შესახებ კი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს რას გადაწყვეტენ. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორივე პროგრამაზე აბარებენ, სადაც უფასოზე მოხვდებიან იქ რჩებიან“.

ახალქალაქის რუსული და სომხური სკოლების დამამთავრებელი კლასის 15–მდე მოსწავლესთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ მათმა უმეტესობამ ონლაინგანაცხადი შეავსო და ნაწილმა ჩარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინებაც მიიღო.

ახალქალაქის რუსული სკოლის მსგავსად აბიტურიენტთა ინტერესები 1–ლ საჯარო სომხურ სკოლაშიც გაყოფილია. ადმინისტრაციის მონაცემებით, სკოლა წელს 51 მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 17–მა 4+1 პროგრამა აირჩია; ხოლო რაუდან ექვსს უკვე დადებითი პასუხი მოუვიდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დაახლოებით ამდენივე ელოდება პასუხს, ხოლო დანარჩენ მოსწავლეებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

,,რაუ პოპულარული უნივერსიტეტია ძალიან, კარგად ასწავლიან, კარგი სპეციალისტები გამოდიან, ენაც უწყობს ხელს – იქ რუსულ ენაზეც შეიძლება სწავლა და სომხურზეც“ – ამბობს ახალქალაქის 1–ლი საჯარო სომხური სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი.

სამველ პეტროსიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ,,პატრიოტთა ალიანსიდან“. მანამდე იგი საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსს ფლობდა. ამბობს, რომ ორივე უწყებაში მისი ერთერთი მთავარი სამუშაო განათლების ხელშეწყობაა, თუმცა მიაჩნია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა ახალგაზრდებისთვის უფრო მარტივია. პეტროსიანის აზრით, 4+1 პროგრამით, ჯავახეთის მოსახლეობა სწავლობს სახელმწიფო ენას და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირდება. თავად ვერ საუბრობს, მაგრამ შვილიშვილები მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას. რაც შეეხება რუსულ–სომხურ უნივერსიტეტს, სამველ პეტროსიანი ამბობს:

,,ერევანში ძალიან პოპულარულია ეს სასწავლებელი, გარდა ამისა, რუსეთი კვოტას იძლევა, როგორც საქართველოს ასევე სომხეთის მოქალაქეებისთვის, სადაც ახალგაზრდები უფასოდ სწავლობენ და უგამოცდოდ ხვდებიან. თუ სწორად ვიცი, წელს თითქმის გაორმაგებულია კვოტა, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით.. მაგრამ გეტყვით, რომ ჩემმა ერთმა შვილმა ქართული, ხოლო მეორემ რუსული უნივერსიტეტი დაამთავრა“.
4+1 პროგრამა რომ ერთერთი დადებითი პროექტია, ამის შესახებ ჯავახეთის მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ. თუმცა მიიჩნევენ, რომ კარგად დაწყებული პროგრამა დასაქმებით ვერ სრულდება, რის გამოც იმედგაცრუებული მოსახლეობა სამუშაო ალტერნატივას ისევ რუსეთში ეძებს. ამის მიზეზი ყოფით დონეზე სამსახურის მოძებნის გარდა, თავად რაუს მიერ წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობაც არის.

,,RAU–ში არსებობს კარიერის ცენტრი, რომელიც კარიერული განვითარების ყოველ ეტაპზე უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ ზრდას ისახავს მიზნად და მათ დასაქმებას ხელმძღვანელობს, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად გაიცნონ არჩეული პროფესია. ცენტრი ეხმარება სტუდენტებს კონკრეტული პროფესიის მახასიათებლების შესწავლაში და მათთვის მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებასა და სამუშაოს ძიებისა და დასაქმების საქმეში“ – ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორ აფასებს პროცესს მესამე სექტორი?


არასამთავრობო ორგანიზაცია ახალქალაქის ბიზნეასოციაციის ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი წუხს, რომ სახელმწიფო იწყებს კარგ პროგრამებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს.

,,ბევრმა მათგანმა, ვინც დაასრულა სასწავლებელი და უკან დაბრუნდა, ვერ მონახა დაპირებული სამსახური და ბრწყინვალე მომავალი, ამიტომ ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რადგან უკან დაბრუნებულ მის შვილს დასაქმების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, გამოდის მნიშვნელობაც არ ჰქონია რას დაამთავრებს მისი შვილი... და იძულებული ხდებიან ალტერნატიულ გზაზე დაიწყონ ფიქრი. ალტერნატიული გზა კი არის რაუ. ძალიან ადვილი შესაძლებელია 4+1 პროგრამა ჩაანაცვლოს ,,რაუმ“ ან მსგავსმა უნივერსიტეტმა. საფრთხე არის დასაქმების გამო, რადგან ახალგაზრდა თუ ვერ დასაქმდება, იწყებს ფიქრს, როგორ წავიდეს საზღვარგარეთ, ,,ხოფანს“ რომ ეძახიან. სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფო იწყებს კარგ პროგრამებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს“ – წუხს მახარე მაცუკატოვი.

ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტოს ,jnews”-ის ჟურნალისტი ანი მინასიანი ინტეგრაციასა და სახელმწიფო ენის შესწავლაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ამბობს, რომ უმუშევრობის გამო იმედგაცრუებული მოსახლეობის განწყობები მომავალ თაობაზე ნეგატიურად აისახება.

,,ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითია 4+1 პროგრამა, გარდა იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობა სწავლობს სახელმწიფო ენას, ამასთანავე ურთიერთობს საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქართულ უნივერსიტეტ დამთავრებული ბრუნდება უკან და ვერ საქმდება. ეს იწვევს გარკვეულწილად იმედგაცრუებას. მათგან ნაწილი იძულებული ხდება სამუშაოდ ისევ რუსეთში ან სომხეთში წავიდეს, რაც პრობლემაა“ – ფიქრობს ანი მინასიანი.

რუსეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს და სომხეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,რუსულ-სომხეთის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის ინტეგრირებას. უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციისა და საზღვარგარეთის 60 წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან“ – ეს წინადადება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის შეფასებით დამაფიქრებელია. გიორგი გობრონიძის აზრით, ,,რაუ“ საკმაოდ პრესტიჟული უნივერსიტეტია სომხეთში სომხეთის მოქალაქეებისთვისაც კი, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის.

,,ყველა პრობლემის სათავე ჯავახეთში მაინც არის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, სწორედ ეს აჩენს მიმზიდველობას, რადგან ეს ადამიანები რუსეთიდან იღებენ შემოსავალს. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, არათუ ეს დამოკიდებულება, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება რუსეთის ფედერაციაზე. მეორეს მხრივ საგანმანათლებლო დაწესებულებები არის მძლავრი ინსტრუმენტი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რადგან საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდისტულ კამპანიის წარმოებაზე საშიში არის ეს საგანმანათლებლო კერები, რადგან იგი მარტო ცოდნას კი არ აძლევს, არამედ ქმნის ინსტრუმენტს, რომ შექმნას მისდამი ლოიალურად განწყობილი საზოგადოება. სწორედ აქედან გაჩნდება მიზიდულობის კერა სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში“ – ფიქრობს გიორგი გობრონიძე.

საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საგანმანათლებლო და ინტეგრაციის პროგრამები უნდა გაზარდოს, რათა საქართველოს ევროპულ არჩევანს საფრთხე არ დაემუქროს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ სომხური თემით დასახლებულ რეგიონში გაზრდილია საბჭოთა და რუსეთის მიმართ დადებითი განწყობები.

,,ხელისუფლება ამ პრობლემას უნდა იღებდეს, როგორც მნიშვნელოვან გამოწვევას და საგანმანათლებლო და ინტეგრაციის პროგრამებით, მნიშვნელოვნად უწყობდეს ხელს რომ ამ ტიპის აზრის არათუ ზრდა ხდებოდეს, არამედ შემცირება. რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვთანხმდებით, რომ ნატო და ევროკავშირი და ზოგადად ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი მისწრაფება არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამ ისტორიულ არჩევანს საფრთხე არ უნდა დაემუქროს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი საგანმანათლებლო და მეტი ინტეგრაციის პროგრამები“ – განმარტავს სულხან სალაძე.

ვიდრე საქართველოში გავრილოვის ვიზიტს აფასებენ, რუსეთის ხელისუფლება ჯავახეთში სტუდენტთა კვოტას 80–მდე ზრდის. მსურველებს კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, ონლაინგასაუბრების საფუძველზე უფასოდ იღებს.

რაუში პირველი სტუდენტი ჯავახეთიდან 2015 წელს მოხვდა, მაშინ სასწავლებელმა მხოლოდ სამი ადგილი გამოყო საქართველოს მოქალაქეებისთვის და ერთი სტუდენტი მოხვდა, 2019 წელს კი კვოტა 80–მდე გაზარდა.
| Print |