განათლება
ახალციხეში სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა
მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგიონებში გავიდნენ და სკოლის დირექტორებს განათლების სამინისტროს მიერ მიღებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა მე-5 საჯარო სკოლაში გაიმართა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის" მენეჯერის ლალი წიკლაურის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პენსიამდე მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, აპირებენ ჯილდოს მიღებას და გამოდიან პროფესიიდან, მათ ნაცვლად, სკოლის დირექტორებმა ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა მიიღონ. მასწავლებლების მოძიება შიდა კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს და ვაკანსიებიც ასე შეივსოს.

„თუ პედაგოგი მუშაობს ერთ ან მეტ სკოლაში, მაგალითად სამში, სამივე სკოლიდან მიეცემა ანაზღაურება, ბოლო სამი თვის ხელფასის ოდენობა,საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შემდეგ ეს მრავლდება 24 თვეზე. აიღებს ორი წლის ხელფასს. თუ ჯილდოს აღების შემდეგ პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ორი წლის მანძლზე გადაწყვეტს დაბრუნდეს სკოლაში, ის ვალდებულია, რომ ეს ჯილდო მთლიანად დააბრუნოს. თუკი ორი წლის მერე გადაწყვეტს, რომ სკოლაში დაბრუნება უნდა, ეს შეუძლია, ოღონდ კომპეტენცია დადასტურებული“, –ამბობს მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრის პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური.

,,მასწავლებლებს ღირსება შეუნარჩუნდათ, საშუალება ეძლევათ პედაგოგის კომპეტენციის დადასტურების და მიდიან ღირსეულად" - აცხადებს ,,მეცხრე არხთან" 1-ლი სკოლის დირექტორი. ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ ინიციატივის გამო სკოლას ორი პედაგოგი ტოვებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პირველ სკოლაში პედაგოგთა დეფიციტი არ შეიქმნება.

ლალი წიკლაური სამცხე-ჯავახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებს უკვე შეხვდა.

,,მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით გავნაწილდით ყველა რეგიონში, რათა შევხვდეთ ყველა მუნიციპალიტეტში რესირსცენტრის ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს. პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგებისთვის დაწესებულია ჯილდო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ასაკოვან პედაგოგს აღარ აქვს მასწავლებლად მუშაობის გაგრძელების სურვილი, შეუძლია აიღოს ჯილდო და დატოვოს სკოლა. დირექტორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ მას შემდეგ, როცა ვერ შეავსებენ ვაკანტურ ადგილებს, სადაც იქნება პედაგოგთა დეფიციტი, მასწავლებელთა გაგზავნა მოხდება პროგრამიდან ,,ასწავლე საქართველოსთვის“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის მენეჯერმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლებში საათობრივი გადანაწილება. ლალი წიკლაურმა აღნიშნა ისიც, რომ ნებისმიერ ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის მქონე მსურველს შეუძლია მაძიებლის სტატუსით კონკურსში მონაწილეობა. მაძიებელი მასწავლებელი 2 წლის ვადაში გაივლის ინტენსიურ კურსს და მიიღებს კვალიფიკაციას.

ჯილდოს მისაღებად პედაგოგებმა განაცხადი 21 აგვისტომდე უნდა შეავსონ, მაძიებლებმა კი 21 აგვისტოს შემდეგ.

დღესვე კიდევ ერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი, განათლების სამინისტრო მუშაობს სპორტისა და ხელოვნების პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწევაზე, რადგან გაირკვა, რომ საჯარო სკოლებში ყველაზე მეტად ამ საგნების პედაგოგების დეფიციტია.

12 აგვისტოს ლალი წიკლაური ბორჯომის სკოლის დირექტორებს შეხვდება და ამით დასრულდება ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში.


| Print |