განათლება
სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი მომღერლები სამცხე-ჯავახეთში, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებში მონაწილეობენ

 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მომღერლებმა, სამცხე-ჯავახეთში ტურნე გამართეს. კონცერტის სანაცვლოდ, თვითმმართველობებმა მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გადაუხადეს.

მაგალითად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეზე ასპინძაში პაატა გულიაშვილმა და პაატა ხაჩიძემ იმღერეს. მერიამ ამისთვის მათთან 2 300-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

5 875 ლარი დაუჯდა ადიგენის მერიას დაბა აბასთუმანში, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი. თვითმმართველობამ მარიკა თხელიძეს 1 250 ლარი, პაატა გულიაშვილს 1 875, პაატა ხაჩიძეს კი 2 750 ლარი გადაუხადა.
„მომღერლებმა თავად შემოგვთავაზეს კონცერტს გავმართავთო და დავთანხმდით. ჩვენი შეხედულებისამებრ გადავწყვიტეთ“, - გვითხრა კულტურის სამსახურის უფროსმა ზურა ბეთხოშვილმა.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც მოწვეული მომღერლების კონცერტით აღნიშნეს. 1 500 ლარი პაატა ხაჩიძეს, 2 000 ლარი კი გელა გნოლიძეს გადაუხადეს.
„შერჩევა მოხდა მათი ცნობადობის მხრივ. ახალგაზრდებში გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, კულტურის სამსახურმა შევარჩიეთ, მოვიწვიეთ და ჩამოვიყვანეთ“, - გვითხრა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.

ქართველ მომღერლებზე გაცემული ჰონორარებით ბორჯომი ლიდერობს. აქ ზაფხულის სეზონზე სამი ღონისძიება გაიმართა, სადაც მხოლოდ მოწვეულ მომღერლებს 26 250 ლარი გადაუხადეს. კონცერტები შემსრულებლების მხრივ აქ უფრო მრავალფეროვანია. 

„ბორჯომობა“ - 14 350 ლარი
მარიკა თხელიძე 1 200 ლარი;
ნინი ქარსელაძე 1 200 ლარი;
აჩიკო ნიჟარაძე 1 200 ლარი;
გიგი ადამაშვილი 2 000 ლარი;
დავით გომართელი 3 750 ლარი;
ზვიად ბოლქვაძე 5 000 ლარი.

ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ On.ge-სთან განაცხადა, რომ „ბორჯომობისთვის“ მომღერლები ხალხის გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს და მათი პოლიტიკური განწყობები „არაფერ შუაშია“.

„ბორჯომობის“ გარდა, ქართველი მომღერლების მონაწილეობით, კურორტზე კიდევ ორი კულტურული ღონისძიება გაიმართა.

„გიორგი ათონელის ხსენების დღე“ - 6 150 ლარი
პაატა ხაჩიძე 1 250 ლარი;
ნეკა სებისკვერაძე 3 650 ლარი;
პაატა გულიაშვილი 1 250 ლარი.

„კულტურული დღეები ბორჯომში“ - 5 750 ლარი
დავით არჩვაძე - 2 000 ლარი;
აჩიკო ნიჟარაძე 1 250 ლარი;
სალომე შუბითიძე 2 500 ლარი.

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არ უმღერიათ ნინოწმინდასა და ახალქალაქში.

 

| Print |