განათლება
6 ათასამდე პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს
პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე 6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარს შეადგენს.

მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.

ამასთან, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

ირინა აბულაძის განცხადებით, ამ ფორმით, სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების მიმართ, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო.

მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს. რისთვისაც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების სისტემური, ეტაპობრივი ზრდა, რაც ცხადია, მოიაზრებს უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც. როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად ვახორციელებთ განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ხელშეწყობის პარალელურად, პედაგოგების მოტივაციას გულისხმობს“- აღნიშნა ირინა აბულაძემ .

მან განმარტა, რომ ამ პროცესში მოიაზრება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოვება.
| Print |