განათლება
წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

"2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.

| Print |