განათლება
100% გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა. ქალაქ ახალციხეში 100 %–იანი გრანტის მფლობელებს შორის მარიამ ბერიძე, თამუნა მანველიშვილი და ნათია ჩანღლიშვილი არიან.

მარიამ ბერიძე თბილისში, თბილისის ღია უნივერსიტეტში (TOU)- ში, სამართლის ფაკულტეტზე, 100 %–იანი გრანტით მოხვდა. მარიამი მიღებულ შედეგს არ ელოდა, რადგან რეპეტიტორებთან სიარული მხოლოდ ერთი წელი შეძლო.

„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ იმას მივაღწიე რასაც ვგეგმავდი. ძალიან ბედნიერი ვარ. მძიმე შრომა და რთული წელიწადი მქონდა. გართობა და ძილი უმნიშვნელოდ იქცა ჩემთვის, თუმცა მიღებულ შედეგად ნამდვილად ღირდა“,- გვიყვება მარიამი.

მარიამი ახალციხის #5 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა.

„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, თავი არ დაიზოგონ და ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გვერდზე გადადონ. სწორედ ეს წელი წყვეტს მათი ცხოვრების მომდევნო ეტაპს. აბიტურიენტებმა არ უნდა დაიშურონ ძალები“ – ამბობს მარიამი.
თამუნა მანველიშვილმა ვალის #1 საჯარო სკოლა დაამთავრა. მან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 100% გრანტი მოიპოვა და საერთაშორისო ურთიერთობების (ინგლისურენოვანი) ფაკულტეტზე, უფასოდ ისწავლის. თამუნას, მე-9 კლასში, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლეპტოპი გადასცა.

„სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ იმ უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც მინდოდა. მიღებულ შედეგს არ ველოდი, რადგან ერთი წელი ამერიკაში FLEX-ის პროგრამით ვსწავლობდი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ბოლო თვეში დავიწყე“,- ამბობს თამუნა.

კურსდამთავრებული ამბობს, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია ადამიანს სურვილი ჰქონდეს. თამუნას კერძო მასწავლებელთან არ უვლია, მას დედა და ბებია ამზადებდა.
ნათია ჩანღლიშვილმა, თამუნას მსგავსად, ვალის #1 საჯარო სკოლა დაამთავრა. ერთი წელი სწავლობდა ამერიკაში FLEX-ის პროგრამით. მან 100%-იანი გრანტით, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

„მთავარი შთაგონების წყარო, რატომაც ავირჩიე ეს პროფესია, ამერიკაში გაატარებული ერთი წელი და ტექნოლოგიურ ბანაკში მონაწილეობა იყო. რეგისტრაციის დაწყების პირველივე დღიდან სანდიეგოს უნივერსიტეტი მეწერა პრიორიტეტად. მაქსიმალურად ვიშრომე და ამ შედეგს ველოდი. ქულების გაგების შემდეგ უფრო დავრწმუნდი რომ უფასოდ ვისწავლიდი“,- ამბობს ნათია.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა.
| Print |