განათლება
მასწავლებელთა, მასწავლებლობის მსურველთა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია
მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

ცენტრის ინფორმაციით, წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გასწორებული 38 000 ნაშრომიდან სულ 2 400 ნაშრომი გასაჩივრდა. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.

ცენტრის ცნობით, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი. გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 140 კანდიდატს.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.


| Print |