განათლება
აზერბაიჯანული ტექსტები სომხურ სახელმძღვანელოებში
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ახალქალაქის ზოგიერთ სკოლაში ქართული ისტორიის წიგნები აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე გამოჩნდა. ახალქალაქის განათლების რესურსცენტრის ცნობით, ახალი, გასწორებული სახელმძღვანელოები სკოლებში უკვე გადანაწილებულია.

19 სექტემბერს, ახალქალაქის სომხური სკოლების მე -9 კლასის ქართული ისტორიის სახელმძღვანელოებში რამდენიმე თემა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე იყო მოცემული.

აზერბაიჯანული ისტორიის სახელმძღვანელოები ახალქალაქის სამ სოფელში - ხულგუმოს, დილისკასა და ხავეთის სკოლებში აღმოჩნდა. ასეთი შეცდომის მხოლოდ 13 წიგნია.

„როდესაც მთელი რაიონის მასშტაბით, სომხურ სკოლებში ვარიგებდით წიგნებს, შეცდომა მხოლოდ 13 სახელმძღვანელოში იყო. (ტექსტები აზერბაიჯანულ, რუსულ ენაზე, ასევე არასწორად ჩასმული გვერდები). აქედან გამომდინარე, ჩვენ და სამინისტრომ გადავამოწმეთ, გავაგზავნეთ ეს სახელმძღვანელოები უკან და ერთი კვირის შემდეგ მივიღეთ ახალი სახელმძღვანელოები.“ - ამბობს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურმა Jnews- ს აცნობა, რომ მათ პრობლემის შესახებ იცოდნენ.

„ვიცით ამ პრობლემის შესახებ, ტიპოგრაფიული შეცდომა დაფიქსირდა. ახალი სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეებს შორის გადანაწილდება”, - აცხადებენ სამინისტროში.

| Print |