განათლება
აბიტურიენტებმა 2020 წლის გამოცდებისთვის ახალი ნიმუშებით უნდა იხელმძღვანელონ – ცვლილებები ტესტებში

 

2019 წლის ნოემბრის თვეში ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. ცვლილებები შეეხება ისტორიის, უცხოური ენებისა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენები) და მათემატიკის გამოცდას. კერძოდ, უცხოური ენებისა და ისტორიისა გამოცდა შინაარსობრივად შეიცვალა, მათემატიკის გამოცდის მინიმალურმა ზღვარმა კი დაიწია და ტეტსმა ტექნიკური ცვლილება განიცადა ქულების გადანაწილების კუთხით.

კონკრეტულად, რა ტიპის ცვლილებები შევიდა საგნებში?

ისტორიის გამოცდის ტესტში გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.

„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა აღნიშნული დავალების შესრულებისას ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.

„ისტორიული მოვლენის შეფასება“ – ამ დავალებაში აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი, შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.

ისტორიის გამოცდაში უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

რაც შეეხება უცხოურ ენებს, ყველა უცხოური ენის ტესტში განხორციელდა 2 სიახლე: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი. შესაბამისად, ტესტებში 1 მოსმენის დავალების ნაცვლად იქნება 2 მოსმენის დავალება.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

ისტორიის გამოცდის ტესტის ნიმუშები

მათემატიკის გამოცდის ტესტის ნიმუშები

უცხოური ენების ტესტის ნიმუშები: 
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

აუდიომასალა:
ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

რაც შეეხება 2020 წლის გამოცდებისთვის დადგენილ ბარიერს (მინიმალურ გამსვლელ ქულას), აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დეტალური ინფორმაცია 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახემ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: edu.aris.ge
| Print |