განათლება
ახალციხელი მოსწავლე ირაკლი მერაბიშვილი აშშ-ში, სილიკონის ველზე გაემგზავრება
კინგსის ოლიმპიადამ ორი გამორჩეული მოსწავლე გამოავლინა, რომლებიც 2020 წელს ერთი კვირით კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გაემგზავრებიან. მათგან ერთ-ერთი ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეათე გ კლასის მოსწავლე ირაკლი მერაბიშვილია. მას, გიორგი მეგრელიძესთან ერთად, კომპანია „სუპერ გენია“ აშშ-ში აგზავნის.

ორივე მოსწავლემ კინგსის ოლიმპიადის ოთხივე საგანში - მათემატიკაში, ინტელექტში, ქართულ და ინგლისურ ენებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო „თბილის მარიოტში“ გაიმართა.

„ეს შედეგი ოჯახის, სკოლისა და თვითონ ირაკლის დამსახურებაა. ძალიან მოწესრიგებული, განათლებული, ინტელექტუალური მოსწავლეა. ყველა საგანში ერთნაირი მოსწრება აქვს, ყველაფერში ძლიერია. ყოველტვის ვეუბნებოდი - შენ საქართველო ვერ დაგიტევსთქო და გამართლდა“, - გვითხრა დამრიგებელმა ნინო ნადირაძემ.

კინგსის 2019 წლის შემოდგომის სეზონზე ჯამში, 100 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
| Print |