განათლება
ყველა ახალგაზრდას არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა - მშობლები
6 ივლისიდან, საქართველოში, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდის ჩაბარება აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწიათ. სამცხე-ჯავახეთში ერთი საგამოცდო ცენტრია, სადაც 1200 აპლიკანტი დარეგისტრირდა. როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ახალციხეში და რას ჰყვებიან გამოცდიდან გამოსული ახალგაზრდები ვნახოთ სიუჟეტი.

ონლაინსწავლების სირთულეების მიუხედავად, საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ახალგაზრდების თქმით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო. მასალის უმეტესობა, რომელიც მათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შეხვდათ პირველი სემესტრიდან იყო.

პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში სპეციალური წესები მოქმედებს. აბიტურიენტების მომლოდინე მშობლები მეორე სემესტრში ჩატარებული ონლაინ გაკვეთილების გამო ნერვიულობენ, რადგან ყველა ახალგაზრდას არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა და პრობლემის გადალახვა საკუთარი ძალებით მოუწიათ.

პანდემიის გამო შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით, აპლიკანტებს წელს განსხვავებული პირობებით უწევთ გამოცდების ჩაბარება. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი იმასაც აღნიშნავს, რომ დღევანდელ გამოცდაზე, მაღალი ტემპერატურის მქონე აბიტურიენტი არ გამოცხადებულა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 167 აპლიკანტიდან პირველ დღეს 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ქვეყნის მაშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

| Print |